მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონს ხელი მოაწერა

5f13f4e6b47c9
შოთა ტყეშელაშვილი
19.07.20 11:16
1628
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს. შედეგად, ახალი რეგულაცია უკვე საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა და მას კანონის ძალა აქვს.

კანონპროექტი პარლამენტში მხოლოდ 10 დღის განმავლობაში განიხილებოდა და მისი საბოლოო ტექსტი დაძაბული საკომიტეტო მოსმენების შედეგად კომუნიკაციების კომისიასა და კომუნიკაციების სექტორში მოღვაწე კომპანიებს შორის მიღწეული კონსენსუსით შეჯერდა. ტექსტზე შეთანხმების მიუხედავად, ახალი კანონი კომუნიკაციების კომისიის რეგულატორულ უფლება-მოსილებებს მნიშვნელოვნად აფართოვებს. 

კანონპროექტისთვის კენჭისყრა პარასკევს მოხდა და მას მხარი 88 დეპუტატმა დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, კომისიას შეეძლება ავტორიზებულ/ლიცენზიის მფლობელ პირს სპეციალური მმართველი დაუნიშნო. უფრო კონკრეტულად, იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირი აქციების, წილების ან საოპერაციო აქტივების შეძენის შესახებ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს დაარღვევს, კომუნიკაციების კომისია უფლებამოსილი ხდება, ამ დარღვევის გამო მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად დანიშნოს სპეციალური მმართველი.

პროექტის თანახმად, სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისთვის დაკისრებულმა ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ ან ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს, ან მომხმარებლების ინტერესს.

"1.ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ამ კანონის 26-ე - 27-ე მუხლების დარღვევის გამო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსასრულებლად კომისია უფლებამოსილია დანიშნოს სპეციალური მმართველი. სპეციალური მმართველი შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირის მიმართ ამ დარღვევისათვის უკვე გამოყენებულია ამ კანონის 45-ე მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული ჯარიმა ერთხელ მაინც განსაზღვრული ჯარიმები და ჯარიმებმა ვერ უზრუნველყო კომისიის გადაწყვეტილების აღსრულება, ხოლო ავტორიზაციის შეჩერებამ/ლიცენზიის გაუქმებამ შეიძლება ზიანი მიაყენოს ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესს, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული/ლიცენზიის მფლობელი პირების, მომხმარებლების კანონიერ ინტერესებს ან ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს," - ნათქვამია კანონში.