მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტმა კანონს ხელი მოაწერა-სემეკთან შეუთანხმებლად კომპანიებს წილების გასხვისება აეკრძალათ

5f17e1cc3f3f4
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.20 10:55
1005
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ კანონს, რის შედეგადაც საქართველოში მოღვაწე ენერგოკომპანიებს (ოპერატორებს) გაუჩნდათ ვალდებულება 5%-ზე მეტი წილის გასხვისება წინასწარ შეატყობინონ და შეუთანხმონ სემეკს. თავის მხრივ კი, სემეკს გაუჩნდა უფლება შეაჩეროს გარიგებები ამ კომპანიებში თუკი ის ჩათვლის, რომ ეს გარიგება ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისთვის არასასურველია. 

პარლამენტმა კანონპროექტს კენჭი დაჩქარებული წესით, პარასკევს უყარა. საკანონმდებლო ცვლილება გასულ ორშაბათს დარეგისტრირდა და ის მხოლოდ 5 სამუშაო დღის განმავლობაში განიხილებოდა. ინიციატივის პირვანდელ ვარიანტთან შედარებით, საბოლოო კანონში მხოლოდ მცირედი ცვლილებები შევიდა.

კერძოდ კი, როგორც სემეკის ხელმძღვანელმა დავით ნარამიანიამ საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, დაიშვება სპეციალური გამონაკლისები იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მეშვეობით საფონდო ბირჟაზე ივაჭრებიან. თუმცა, ეს საკითხი არა თავად კანონით, არამედ კანონქვემდებარე აქტით განისაზღვრება, რომელსაც სემეკი მიიღებს. ამასთანავე, როგორც ითქვა, კანონით დადგენილი მოთხოვნები არ გავრცელდება იმ კომპანიებზე, რომლებიც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრ ქვეყნებში არიან რეგისტრირებული.

5%-ზე უფრო დიდი მოცულობის გარიგების შეზღუდვასთან დაკავშირებით კი, სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია აცხადებს, რომ ეს მოხდება მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ენერგოკომპანია, რომელიც ახალ წილებს ყიდულობს საქართველოში ან საქართველოში შემოდის, ოკუპანტ ქვეყანასთან იქნება დაკავშირებული, ან დადასტურდება, რომ გარიგებისთვის საჭირო სახსრები ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს. საკუთრების უფლების დაცვასთან მიმართებით კი ნარმანია აცხადებს, რომ ცვლილება საკუთრების უფლების შელახვას არ იწვევს - ეს კი მაშინ, როდესაც სემეკს შეუძლია კომპანიის მესაკუთრეს შეუზღუდოს წილის რეალიზაციის შესაძლებლობა, თუ ის ამას საჭიროდ ჩათვლის.

"ამ საკითხს რაც შეეხება, ეს არანაირად არ ლახავს საკუთრების უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა წარმოადგინა ინფორმაცია და მარეგულირებელმა კომისიამ დაინახა ის, რომ ამ ინფორმაციაში რაღაც არის ან ხარვეზიანი, ან არასწორად წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნოს უკან ან მიუთითოს ხარვეზის შესახებ და უკან დააბრუნოს შევსებული დოკუმენტი, მაგრამ თუ შეგნებულად არის ინფორმაცია დამალული, თუ აქ ვნახავთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ფულია, ან სხვა ისეთი რამ არის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვუთხრათ ამ გარიგებაზე, რატომ ლახავს ეს საკუთრების უფლებას? წილს განა კარგავს მესაკუთრე, უბრალოდ, იმაზე ვერ გაასხვისებს და გაასხვისებს სხვაზე", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კანონის თანახმად, სემეკს ექნება 3-თვიანი ვადა იმისთვის, რათა კომპანიას მისცეს დასტური წილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. დავით ნარმანია აცხადებს, რომ ამ კანონის აუცილებლობაზე წარსული გამოცდილებაც მეტყველებს, რის მაგალითადაც, სემეკის თავმჯდომარე "ყაზტრანსგაზის" პრობლემებს ასახელებს. 

"არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია.