მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრეზიდენტს ქვევრის ღვინის დღესასწაულის დაწესების იდეა აქვს

60c5e09a3d576
ელენე გოგბერაშვილი
13.06.21 22:00
1769
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაკოში, კომპანია "ასკანელის" მიერ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით ორგანიზებულ ღონისძიებას ესწრებოდა. მან Forbes-სთან ინტერვიუში ევროპაში ქართული ღვინის პერსპექტივებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდის შემდეგი ნაბიჯი მისი პოპულარიზაცია უნდა იყოს.

"ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენ ვაკვირდებით ქართული ღვინის ინდუსტრიისა და ზოგადად, ქართული ღვინის შესახებ ცნობიერების ზრდას ევროპაში. ზრდის ტემპი ნამდვილად ჩქარი და დასაფასებელია. ახლა ჩვენ მეორე ეტაპზე უნდა გადავიდეთ. ერთია იყო ცნობილი და აღიარებული, როგორც უძველესი ღვინის ქვეყანა. ეს ყველამ იცის, ფრანგების ჩათვლის. ეს უდიდესი წარმატებაა, მაგრამ ჩვენ თავად ღვინის პოპულარიზაცია გვჭირდება. დისტრიბუცია კიდევ ერთი გამოწვევაა. უფრო მეტი მსგავსი ღონისძიება გვჭირდება, რადგან სწორედ იქ გვეძლევა შანსი გავეცნოთ ღვინის გლობალურ ინდუსტრიას, ქართული ღვინო გავაცნოთ როგორც კონკურენტებს, ისე ექსპერტებს. ასეთი ტიპის ნებისმიერი ღონისძიება მნიშვნელოვანია"-აცხადებს ზურაბიშვილი და ქვევრის ღვინის დღესასწაულის დაწესების იდეაზე საუბრობს.

"იდეა არის დაწესდეს ქვევრის ღვინის ერთი დღე, რადგან ის მართლაც უნიკალურია საქართველოსთვის. ქვევრის ღვინო ევროპაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ზოგი მას ფორთოხლის ღვინოს უწოდებს. ეს დღე შეიძლება ძალიან მიმზიდველი იყოს ტურიზმისთვის. ვფიქრობ, ასეთი ტიპის პრომოციაში მონაწილეობის კუთხით, პრეზიდენტს თავისი როლი აქვს. მსურს ერთი პრიზი დაწესდეს წლის საუკეთესო ქვევრის ღვინისთვის და ცალკე პრიზი წლის საუკეთესო ქალის მეღვინისთვის. უფრო და უფრო მეტი ქალი ერთვება ღვინის ინდუსტრიაში, რაც ძალზედ სასიხარულოა და საქართველოს უფრო კულტურულად მიმზიდველს ხდის"-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.