მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრიორიტეტად გამოცხადებულ პროფ.განათლების პროგრამებზე 2-ჯერ ნაკლები აბარებს, ვიდრე -2013-ში

608c08d959d27
შოთა ტყეშელაშვილი
30.04.21 18:37
911
საქართველოს შრომის ბაზარზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის დიდი სხვაობაა. კერძო სექტორი მუდმივად აღნიშნავს, რომ მათ უჭირთ კვალიფიციური მუშა-ხელის მოძიება, განსაკუთრებით კი ისეთი სფეროებისთვის, რომელიც ინჟინერიას, სამშენებლო სამუშაოებს, სოფლის მეურნეობას, IT სფეროს და სხვა სექტორებს უკავშირდება.

მთავრობამ პროფესიული განათლების ხელშეწყობისთვის ამ მიმართულების დაფინანსება რამდენჯერმე გაზარდა. მაგალითად, 2018 წლის ბიუჯეტით პროფესიული განათლების პროგრამების დაფინანსება 29 მილიონი ლარი იყო, პროფ.სასწავლებლების ინფრასტრუქტურის დაფინანსება კი - 13 მილიონი ლარი. 2020 წელს პროგრამების დაფინანსება - 50 მილიონამდე, ხოლო ინფრასტრუქტურის დაფინანსება 20 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2021 წლისთვის ეს ბიუჯეტი, ჯამში, 73 მილიონ ლარამდე ავიდა. 

თუმცა დაფინანსების მომატების და ამ სფეროს პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად, პროფესიული განათლების პროგრამებზე უფრო ცოტა აბარებს, ვიდრე მაგალითად 2013 წელს აბარებდა. მეტიც, 2013 წელთან შედარებით ჩარიცხულ სტუდენტთა რაოდენობა ფაქტობრივად განახევრებულია.



სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროფესიული განათლების სისტემა შეისწავლა და მისი ეფექტიანობის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის თანახმად, პროფ.სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების 30% სწავლას ვერ ასრულებს ანუ 2013-2019 წლებში ჩარიცხული 108,620 სტუდენტიდან სასწავლებლის დიპლომი მხოლოდ 75,928 სტუდენტმა აიღო.

დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის სტატუსი მოპოვებული აქვს 25 სახელმწიფო და 40 კერძო პროფესიულ დაწესებულებას. მათ შორის, ცალკეული მიმართულებით პროფესიული განათლების კურსები 17 უმაღლეს სასწავლებელში მოქმედებს. 

როგორც ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშიდან ირკვევა, სახელმწიფო კონკრეტული პროფესიული სასწავლებლებისთვის დაფინანსების მიცემის დროს ნაკლებად აფასებს იმას თუ რამდენი სტუდენტი ჰყავს კონკრეტულ მიმართულებას თუ სასწავლებელს ან საერთოდ ასრულებენ თუ არა სტუდენტები კონკრეტულ სასწავლებელში სწავლას. ამის ნაცვლად, სამინისტრო დაფინანსებებს ფაქტობრივად ავტომატურად, სასწავლებლების მოთხოვნის საფუძველზე გასცემს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, განათლების სამინისტროს დაფინანსების გაცემის კრიტერიუმების ცვლილებებისკენ წინა აუდიტის ანგარიშითაც მოუწოდეს, თუმცა კრიტერიუმები და მეთოდოლოგია არ შეცვლილა.

"სამინისტროს მიერ არ შესრულებულა თავდაპირველი აუდიტით გაცემული რეკომენდაცია, რომელიც ეხებოდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გასაწევი დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავებას. პროგრამული დაფინანსების საფუძველია სასწავლებლის სამინისტროსთვის მიმართვა და წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი, თუმცა არ გაანალიზებულა, რამდენ სტუდენტს იღებს ყოველწლიურად დაწესებულება, ასრულებენ თუ არა სწავლას სტუდენტები და ა.შ. პროგრამული დაფინანსება არ უკავშირდება სასწავლებლის წარმატებას. აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მსგავსი ტიპის სასწავლებლებში განსხვავებულია ადმინისტრაციული პერსონალის ანაზღაურება და რაოდენობა. არ არის საკმარისად არგუმენტირებული არსებული განსხვავების რაციონალური მიზეზები და დაფინანსების გაცემის მიზანშეწონილობა, რაც შესაძლოა, არაეკონომიური და არამიზნობრივი ხარჯვის წინაპირობა იყოს. სამინისტროს განმარტებით, შესაბამისი მოდელის შექმნის მიზნით, დაფინანსების სისტემის ცვლილება მიმდინარეობს", - ნათქვამია დოკუმენტში.