მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პრობლემები დაიწყო 1 იანვრიდან, დღეს უკვე 6 იანვარია" - რატომ აკრიტიკებს ასათაშვილი მთავრობას

5e134becb7389
ინგა მურუსიძე
06.01.20 20:00
1225
კომპანია "გუდაური ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი ამბობს, რომ გუდაურსა და ბაკურიანში წყლის პრობლემის მოგვარებაზე ახლა ზრუნვის დაწყება დაგვიანებულია.

ვატო ასათაშვილი BM.GE-ისთან საუბარში განმარტავს, რომ კურორტების წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები მოსალოდნელი იყო.

„რეაგირება უკვე დაგვიანებულია და დაგვიანებულლი იქნებოდა პირველივე დღეს. სეზონის დასაწყისშივე უკვე დაგვიანებული იყო, რადგან ყველამ ვიცოდით, რომ ეს პრობლემები შეიქმნებოდა. ის რეზერვუარი, რაც გუდაურში გააკეთეს, არ გაივსო, რადგან მაგისტრალი არ გამოიყვანეს. ეს რეზერვუარი გააკეთეს შარშან, კობი-გუდაური როცა დამთავრდა მაშინ, მაგრამ მაგისტრალი არ გაკეთებულა, წყალი რეზერვუარში არ ჩასულა, ასე რომ ის ტბა, რომელიც ზემოთ გაკეთდა, ცარიელია. ახლა რაც შეეხება ბაკურიანს - იქ პრობლემა ის არის, რომ ასეთ უთოვლობას არავინ ელოდა, ანალოგიურად გათოვლიანების სისტემას სჭირდება წყალი, დაიწყეს ამ წყლის გამოყენება და დაიცალა რეზერვუარები. როცა ვამბობ, რომ ეს ყველაფერი ცალსახად უკვე ცნობილი იყო ყველასთვის, ვინც მთის კურორტებზე რაღაცას აკეთებს, ამით იმის თქმა მინდა, რომ ორივე კურორტს ემატება ასეულობით ბინა. კორპუსები შენდება და ასეულობით აბონენტი ემატება, იქ ისვენებენ ადამიანები და მოიხმარენ წყალს. რაც შეეხება ახლა სიტუაციის გამოსწორებას,  უკვე გვიანია, ვეღარაფერს გამოასწორებენ, ერთადერთი მთავრობას შეუძლია მორიგი სადღეგრძელო თქვას, რომ პრობლემები არ არის, მაგრამ არავინ ხმას არ იღებს. პრობლემები დაიწყო 1 იანვრიდან, დღეს უკვე 6 იანვარია და არავინ არაფერი გააკეთა", - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

მისივე თქმით, ახლა უკვე მომდევნო ერთი კვირის და 10 დღის განმავლობაში აღარაფრის გაკეთებაა შესაძლებელი, ვინაიდან ხელოვნურ წყაროებს და ახალ მაგისტრალს ორ-სამ დღეში ვერ გაიყვანენ.

„ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურში დაიწყო 2012 წლიდან, მერე აბდაუბდა ვითარების გამო, ეს პროექტი გაიწელა 2017 წლამდე. მერე დაიწყო კობი-გუდაურის პროექტი და მას ავტომატურად მიება ზედა ტბაც. ეს ტბა ადგილზე დგას, გრუნტის სამუშაოები დასრულებულია, უბრალოდ წყალი უნდა ჩაასხა. 2017-ში მეორე ტრასაზე დაემატა გათოვლიანების სისტემა, რაც ისე გააკეთეს, რომ წყალი არ მიიყვანეს, რაც სრული აბსურდია. გამზადებულ ტბაზე თოვლმავლებით დადიოდა ხალხი თოვლში და არის ასე დატოვებული“, - განაცხადა ასათაშვილმა და კიდევ ერთხელ დასძინა, რომ მსგავსი პრობლემები მოსალოდნელი იყო.

„ბევრი იშრომეს, გამოფენებზე იარეს, იძახეს, რომ ყველაფერი კარგად არის, ახალი საბაგიროები გვაქვს და საბოლოოდ, მთელი ბაქიბუქობა ჩაიყარა წყალში და წყალი არ გვაქვს. სასაცილოა ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი შარშანაც მოსალოდნელი იყო და წელსაც“, - აღნიშნა ვახტანგ ასათაშვილმა.