მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პრობლემები, რის გამოც საქართველოში მზის სადგური ჯერ ვერ აშენდა

5db594844fb30
დავით ჯალაღონია
27.10.19 18:00
3943
პარლამენტმა "განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ" კანონის პროექტის განხილვა დაიწყო. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა იმ პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოც საქართველოში მზის ელექტროსადგური ამ დრომზე არ აშენებულა.

"რაც შეეხება მზეს, აქ სამწუხაროდ, საპილოტე პროექტიც არ არის გაკეთებული. ვაპირებთ 50 მეგავატამდე სადგურის ასაშენებლად აუქციონის გამოცხადებას და ვნახოთ, რა ფასები შემოვა. ვთვლით, რომ საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება მზე ჩვენს პირობებში. არ მინდა შევქმნა მოლოდინი, რომ ქარი და მზე გადაგვარჩენს, მაგრამ ეს იქნება მნიშვნელოვანი შენატანი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში.

მზის სადგურთან დაკავშირებით, პრობლემა არის ის, რომ მიწას ითხოვს ეს სადგური და ამ პროცესში ვართ", – განაცხადა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ამ სადგურის მშენებლობის პოტენციალი უფრო აღმოსავლეთ საქართველოშია, კერძოდ, მარნეულში, გარდაბანსა და ჯავახეთის ზეგანზე.

შეგახსენებთ, რომ "უდაბნოს მზის ელექტროსადგურის" მშენებლობაზე, ინვესტორმა "სოლარ ფაუერ ჯორჯიამ" კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაასრულა და მშენებლობის დაწყება წლის ბოლომდე იგეგმება. აღნიშნული ობიექტის დადგმული სიმძლავრე 5 მგვტ–ია, წლიური გამომუშავება – 6,9 მლნ.კვტ.სთ, საინვესტიციო ღირებულება კი 4.5 მლნ აშშ დოლარი.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ელექტროსისტემას ქსელში მაქსიმუმ 350 მგვტ ჯამური დადგმული სიმძლავრის ქარის სადგურების და 130 მგვტ – მზის სადგურების ინტეგრირების საშუალება აქვს. ამაზე მეტი სიმძლავრის ქარისა და მზის სადგურების ასაშენებლად კი ქვეყანას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, მაგალითად ჰესების სახით, რომლებიც ენერგიის შედარებით არამდგრადი წყაროსგან (ქარი და მზე) ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში, მიწოდებას დროულად აღადგენს.