მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროდუქციის მიწოდებასთან დაკავშირებით პრობლემები მომავალ წელსაც გაგრძელდება - Ikea

617197afb87d1
ნათია თაქთაქიშვილი
22.10.21 00:30
690
ცნობილი შვედური ავეჯის მწარმოებელი კომპანია Ikea აცხადებს, რომ პროდუქციის მიწოდება მსოფლიოს ქსელში მომავალ წელსაც შეფერხებით გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც სატვირთო ავტომობილების მძღოლების და გადამზიდავი კონტეინერების ნაკლებობით არის გამოწვეული, იოლად ვერ მოგვარდება და სავარაუდოდ 2022-შიც გაგრძელდება.

Ikea-ს პრესსამსახურის ცნობით, სატვირთო ავტომობილების მძღოლების დეფიციტის ფონზე, გასულ თვეს კომპანიას გაურთულდა მიეწოდებინა დაახლოებით 1000-მდე დასახელების პროდუქტი დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში მდებარე მაღაზიებისთვის.

„ერთადერთი რაც ამ კრიზისულ დროს ვისწავლეთ არის ის, რომ რთულია წინასწარ რამე ვივარაუდოთ. საუკეთესო გამოსავალია ახალი გზების პოვნა. სამწუხაროდ მომავალ წელსაც გარკვეული შეფერხებებით მოგვიწევს მუშაობა, მაგრამ დარწმუნებულები ვართ მდგომარეობა თანდათან გამოსწორდება“, - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

Ikea-ს პრესსამსახურის ცნობით, Ikea იძულებული გახდა შეეძინა დამატებითი სატრანსპორტო კონტეინერები პროდუქციის დეფიციტის მოსაგვარებლად და მოეწყო დროებითი საწყობები ჩინეთში, ვიეტნამში, ინდოეთში, ინდონეზიასა და ტაილანდში.

აღსანიშნავია, რომ Ikea-ს გაყიდვები პირველ რვა თვეში 6.3%-ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 37.4 მილიარდი ევრო შეადგინა.