მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„პროექტი, რომელსაც კომპანია დაიწყებს, შეიძლება სხვამ წაიღოს“ - რა ხარვეზია CFD მოდელში?

63e658623722a
ელენე გოგბერაშვილი
10.02.23 18:52
1180
ენერგეტიკაში 5-წლიანი უძრაობის შემდეგ, ბიზნესი განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის ე.წ. CFD სქემის ფარგლებში პირველი სიმძლავრის აუქციონი უკვე გამოცხადდა. როგორც ცნობილია, PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს.

რამდენიმე დღის წინ USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში განახლებადი ენერგიების წყაროების მხარდამჭერი სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების და პროცედურების შესახებ კერძო-საჯარო დიალოგი შედგა.

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა BM.GE-სთან ამბობს, რომ რჩება საკითხები, რაც კერძო სექტორისთვის მიუღებელია.

გიორგი მარგებაძის განმარტებით, აღნიშნულ შეხვედრაზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულებები სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიასთან „კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ კანონის მიხედვით გაფორმდება, რაც სახელმწიფოს აძლევს უფლებას პროექტი, რომლის განხორციელების მიზნით დაინტერესებული პირი წინამოსამზადებელ სამუშაოებს ჩაატარებს, სხვა პირს გადასცეს.

„ეს ნიშნავს, რომ თუ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას აუქციონში, შემდეგ გავიმარჯვებთ, მოვამზადებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და სანამ ჩვენ სამშენებლო სტადიაზე გადავალთ, კანონით სახელმწიფოს აქვს უფლება სხვას მისცეს პროექტი, თუკი ვინმე უფრო იაფ ტარიფს შესთავაზებს, რაც არის ძალიან ცუდი.

ჩვენი კითხვების პასუხად მივიღეთ, რომ მიდის მუშაობა „კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ კანონში შევიდეს ცვლილება, რომ კომპანია, რომელიც აუქციონს მოიგებს და გააფორმებს მემორანდუმს, მიიღებს პროექტის ექსკლუზიურად განხორციელების უფლებას.

„კერძო და საჯარო თანამშრომლობის შესახებ“ კანონმა მცირე და საშუალო პროექტებისთვის იმიტომ ვერ იმუშავა, რომ ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ეს იყო, რომ შეიძლება დაგეხარჯა თანხა, 12 თვე გემუშავა პროექტზე, მისულიყავი მშენებლობის სტადიაზე და შემდეგ სახელმწიფოს აქვს უფლება, რომ ტენდერი ჩაატაროს და შეიძლება სხვამ წაიღოს პროექტი. რა გამოდის, რისთვის ვაკეთებთ? მთავარია დაცულობა, გარანტია“,-ამბობს გიორგი მარგებაძე.

„კერძო და საჯარო პარტნიორობის შესახებ“ კანონის მე-15-ე მუხლის თანახმად, თუ კერძო ინიციატორი მოამზადებს საინიციატივო შეთავაზებას და მას დარგობრივი სამინისტრო მოიწონებს, კერძო ინიციატორი იწყებს ტექნიკური და ეკონომიკური კვლევების ჩატარებას, თუმცა თუ შერჩევის პროცესში სხვა მონაწილე შეირჩა, კანონი ითვალისწინებს გამარჯვებული მონაწილის მხრიდან კერძო ინიციატორისთვის პირდაპირი ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებისთვის.


მუხლი 15. საინიციატივო შეთავაზება

3. დარგობრივი სამინისტრო აფასებს საინიციატივო შეთავაზებას და მოწონების შემთხვევაში უზრუნველყოფს მისი ინიციირების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას ამ კანონისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. უფლებამოსილი ორგანოს მიერ იდენტიფიცირებული და საინიციატივო შეთავაზების გზით იდენტიფიცირებული საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხილვისა და მოწონების პროცედურა იდენტურია. ამასთანავე, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ამ კანონის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ტექნიკური და ეკონომიკური კვლევები შეიძლება განახორციელოს კერძო ინიციატორმა.


6. თუ ამ კანონის IV თავით გათვალისწინებული პროცედურების შედეგად შეირჩა შერჩევის პროცესის მონაწილე, რომელიც არ არის კერძო ინიციატორი ან მასთან დაკავშირებული პირი (აფილირებული პირი), გამარჯვებული მონაწილე კერძო ინიციატორს აუნაზღაურებს გონივრულ, დასაბუთებულ და სათანადოდ დოკუმენტირებულ პირდაპირ ხარჯებს, რომლებიც კერძო ინიციატორმა გასწია საინიციატივო შეთავაზების მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებით და რომელთა ოდენობა საჯარო გახდა შერჩევის პროცესის ეტაპზე. ეს ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ოდენობას.


როგორც მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, შეხვედრაზე ეკონომიკის სამინისტროსგან მოისმინეს განმარტება, რომ კანონში ცვლილებებზე ავტორიტეტული იურიდიული კომპანია მუშაობს და არსებული მუხლი იმ ფორმით ჩამოყალიბდება, რომ პროექტის ინიციატორს მისი განხორციელების ექსკლუზივი დარჩეს.