09.იანვარი .2020 20:30

“პროექტი ტოქსიკური გახდა” - Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორი ანაკლიის პორტზე

views 752
უკან

"ცივილიზებული ინვესტორები ძალიან სერიოზულად დაფიქრდებიან მიიღებენ თუ არა მონაწილეობას ანაკლიის პროექტში - ეს არის ყველაზე დიდი ზარალი, რაც მიიღო ქვეყანამ”, - ამის შესახებ Forbes Georgia-ს მთავარმა რედაქტორმა გიორგი ისაკაძემ “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” ისაუბრა. 

ისაკაძის განცხადებით, ანაკლიის პროექტი არსებულ შედეგამდე ლოგიკურად მივიდა. მისივე თქმით, 2019 წლის ბოლო თვეებში მხარეები აშკარად ემზადებოდნენ ამ დასასრულისთვის. ამასთან, ისაკაძის განმარტებით, "ეს იყო უბრალოდ დროის ამბავი და 99%-ით ყველა დარწმუნებული იყო, რომ ეს 2019 წლის 31 დეკემბერს მოხდებოდა".

“მაშინ, როცა 2015 წელს სახელმწიფოს მიერ შერჩეული, უმაღლესი რანგით მხარდაჭერილი პროექტის, კონსტიტუციაში მოხსენიებული პროექტის უმთავრესი პარტნიორი, ფაქტობრივად, სახელმწიფოს პარტნიორი, ერთი მხრივ, ინკრიმინირდა ფულის გათეთრებაში და, მეორე მხრივ, შეწყვიტეს მასთან ურთიერთობა შეუსრულებელი ვალდებულებების გამო (რაზეც ბევრი კითხვა არსებობს, რა ვალდებულებებია შეუსრულებელი), პროექტი ხდება ტოქსიკური და ერთადერთი რეალობა ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ თუ რამდენიმე თვეში გამოცხადდა ტენდერი, ვფიქრობ, სახელმწიფო ჩანს დომინაციაში, ვინც შეძლებს ამ პროექტის განხორციელებას", - აღნიშნა გიორგი ისაკაძემ.

შეკითხვას - მოქმედებდა თუ არა მთავრობა ორი ხელის პრინციპით და, ერთი მხრივ, ყველაფერს აკეთებდა პროექტის შეფერხებისთვის და მეორე მხრივ, საუბრობდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვეყნისთვის, ისაკაძე სრულიად დაეთანხმა.

“თუ რაიმე ბრალი მაინც მიუძღვის კონსორციუმს, აქ ცალსახად მაინც საბოლოო ჯამში იკვეთება ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რადგან დღევანდელი დე ფაქტო სიტუაციით, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება ყველა ამ წლის განმავლობაში იყო სუბიექტური”,- აღნიშნავს ისაკაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, „ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ“ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა