მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროფკავშირები დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესებისთვის მთავრობას მიმართავენ - რა წერია მანიფესტში

626eb51b3bd31
ვიქტორია მღებრიშვილი
01.05.22 20:28
1138
პროფკავშირების გაერთიანებამ დღეს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, დასაქმებულთა უფლებების გაუმჯობესების მოთხოვნით აქცია გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ პროფკავშირები ავრცელებენ.

აქციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და შიდა და გარე საფრთხეებზე ისაუბრა და ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელსაც 6 გვერდიანი მანიფესტის სახით მთავრობის კანცელარიაში ხვალ შეიტანენ.

მანიფესტის მიხედვით, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და მთავრობას:

დასაქმებულები უზრუნველყონ ღირსეული მინიმალური ხელფასით, მოახდინონ უმუშევრობის შემწეობის დადგენა, შეამცირონ და აღმოფხვრან ქალისა და კაცის ხელფასებს შორის სხვაობა, შექმნან ეფექტური საპენსიო რეფორმა, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკით მოახდინონ უმუშევრობის დონის შემცირება;

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზოგადოებაში სოლიდარობისა და სამართლიანობის განცდას. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

• შეიმუშაოს არსებულ გამოწვევებზე მორგებული დასაქმების პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მის ეფექტიან განხორციელებას ქვეყანაში;

• პრიორიტეტად აქციოს პროფესიული და დუალური განათლება;

• შექმნას დასაქმებულის უფლებებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკა, რის ფარგლებშიც უნდა წახალისდეს სოციალური დიალოგი და კოლექტიური მოლაპარაკებები;

• დაინერგოს უმუშევრობის შემწეობა და ხელი შეეწყოს მინიმალური ხელფასის რეგულირების საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზაციას;

• შრომის უსაფრთხოება აღიარებულ იქნას შრომის ფუნდამენტური უფლებად;

• განისაზღვროს დეკრეტული შვებულების ღირსეული ანაზღაურება;

• გენდერული ნიშნით სახელფასო სხვაობის შესამცირებლად შემუშავდეს შრომის ღირებულების გაზომვის მეთოდოლოგია;

• უზრუნველყოფილი იქნას უსაფრთხო და თანასწორი გარემო შრომით ურთიერთობებში;

• არაფორმალურად დასაქმებულთა შრომითი უფლებები ისევე უნდა იქნეს დაცული, როგორც ფორმალურად დასაქმებულების.

• დაწესდეს 8 საათიანი სამუშაო დღე და ზეგანაკვეთური შრომის არანაკლებ 125 % – იანი ანაზღაურება.

ასევე, დაფასდეს თითოეული დასაქმებულის შრომა და 1 მაისი გამოცხადდეს უქმე დღედ“, - ნათქვამია პროფკავშირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, აქციაზე, პროფკავშირების გაერთიანების წევრებმა, დარგების თავმჯდომარეებმა, აქციის მონაწილეებმა, საქართველოში მცხოვრები უკრაინელების დასახმარებლად საყოფაცხოვრებო ნივთები მიიტანეს.