მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი მესაზღვრეებმა აღარ შემოუშვეს - რატომ?

6028222aa18d7
ვიქტორია მღებრიშვილი
13.02.21 23:56
3862
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან ცა გაიხსნა და რეგულარული ფრენები აღდგა, მათ შორის - თურქეთთანაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ის იმ ქვეყნების სიაშია, საიდანაც ვიზიტორების შემოსვლა სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო მარტივია - კერძოდ, თურქეთის მოქალაქეს ან რეზიდენტს საქართველოში ჩამოსვლა ნეგატიური PCR ტესტით შეუძლია, თან თვითიზოლაციის ვალდებულების გარეშე. „თურქეთი ჩვენი დიდი მეზობელია, იქიდანაც ველოდებით ვიზიტორებს ამ გამარტივებული წესებით - PCR ტესტის ნეგატიური პასუხით და მესამე დღეს საქართველოში იმავე ტესტის ჩაბარებით. ეს არის დამაიმედებელი ინფორმაცია როგორც ბიზნესისთვის, ასევე ტურიზმის სექტორისთვის, რადგან ჩვენი მეზობელი ქვეყანა ყოველთვის იყო ტურისტების წყარო და ასევე თურქეთიდან ბევრი ბიზნეს-ვიზიტორი გვსტუმრობს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში 3 თებერვალს გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

12 თებერვალს კი, გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო-პოსტი, სადაც საუბრობდა იმაზე, რომ 12 თებერვალს, გამთენიისას, სტამბული-თბილისის რეისით (PC314) ქვეყანაში შემოდიოდა სამთავრობო პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი, ყაზახეთის მოქალაქე და თურქეთის რეზიდენტი, რომელიც დროებით საქართველოდან გასული იყო, მაგრამ ქართველმა მესაზღვრეებმა ვიზიტორი ქვეყანაში არ შემოუშვეს და უკან გააბრუნეს. საჯარო პოსტით ალექსანდრე გიორგიძე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს და ამჟამად დეპუტატ მარიამ ქვრივიშვილს რეაგირებისკენ მოუწოდებდა, მაგრამ როგორც თავად გვითხრა, მას ინტერესი არ გამოუჩენია. 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საზღვრის კვეთის პრობლემები რიგი ქვეყნების მოქალაქეებს პანდემიამდეც ექმნებოდათ, bm.ge-მ გადაწყვიტა ამ კონკრეტულ ისტორიაზე მეტი დეტალი გაერკვია. ჩვენ შევძელით და სატელეფონო ინტერვიუ ჩავწერეთ პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციართან, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მაგრამ დეტალურად მოგვიყვა - როდის ჩამოვიდა თბილისში, რატომ გადაწყვიტა საქართველოდან მუშაობა და რა მიზეზით გააბრუნეს უკან.

„საქართველოში პროგრამის - „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში, შარშან, ნოემბერში ჩამოვედი და იანვრის ბოლომდე აქ ვიყავი. ცოტა ხნის წინ პირადი საქმეების გამო თურქეთში წასვლა მომიწია და სანამ უკან დავბრუნდებოდი, წესებს თავიდან გავეცანი. როგორც გავარკვიე, რეგულაციები შეიცვალა და თურქეთის რეზიდენტებს ნეგატიური PCR ტესტით შეეძლო შემოსვლა; მეც გავიკეთე PCR ტესტი, პასუხი უარყოფითი იყო და სტამბულიდან თბილისში გამოვემგზავრე, თუმცა ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვარზე არ შემომიშვეს და 2 საათიანი ლოდინის შემდეგ მითხრეს, რომ უკან მაბრუნებდნენ. ისიც კი ვერ მოვიფიქრე მეთქვა, რომ მანამდე სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი ვიყავი. თვითონაც არ დაუსვამთ არანაირი კითხვები. 2-საათიანი ლოდინის შემდეგ ანკეტაში გამობრუნების მიზეზის ადგილას „სხვა“ (other) მონიშნეს და მითხრეს, რომ მიზეზის გასაგებად თურქეთში საქართველოს საელჩოსთვის მიმემართა. ჩემთან ერთად იმავე რეისით კიდევ 4 ადამიანი გამოაბრუნეს, მათგან ერთი ბიზნესმენი იყო და როგორც თავად მითხრა, ასევე, თურქეთის რეზიდენტია და საქართველოში რამდენიმე კომპანიას ფლობს“, - მოუყვა BM.GE-ის საქართველოდან გაბრუნებულმა ვიზიტორმა.

„ქართველი მესაზღვრეების რჩევა გავითვალისწინე და თურქეთში საქართველოს საელჩოს მივმართე“, - განაგრძო თავისი ცუდი გამოცდილების მოყოლა სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარმა. მისივე თქმით, საქართველოს საზღვრიდან უკან გაბრუნების მიზეზზე პასუხი ვერც საელჩოში მიიღო, რადგან დიპლომატიურ უწყებაში უთხრეს, რომ მიზეზი თავად მესაზღვრეებს უნდა განემარტათ.

„ახლა არ ვიცი, რას ვიზამ. საქართველოში ჩამოსვლას კიდევ ერთხელ შევეცდები. ძალიან მომწონს თქვენი ქვეყანა და ჩემთვის სასიამოვნო იყო საქართველოდან მუშაობა. იმედი მაქვს, ამის საშუალება კიდევ მომეცემა. იცით, თქვენი ქვეყანა ძალიან მყუდროა და ყველაფერი მომწონს - სტუმართმოყვარე ხალხი, ბუნება, კერძები, გარემო - თავს კარგად და კომფორტულად ვგრძნობ. ქარველი მესაზღვრეების ქცევით კი, გაკვირვებული დავრჩი. ეს რომ ჩემი პირველი ვიზიტი ყოფილიყო, საქართველოში დაბრუნებას აღარასდროს ვისურვებდი“, - ამბობს ვიზიტორი.

შეძლებს თუ არა ყაზახეთის მოქალაქე და თურქეთის რეზიდენტი საქართველოში დაბრუნებას, ეს ჯერ თავადაც არ იცის, მაგრამ Bm.ge-ისთან ვრცელ ინტერვიუში თბილისში 2-თვიანი ცხოვრებისას თავისი დაკვირვების შედეგებს გვიზიარებს და აქვს უპასუხო კითხვები - რატომ გააბრუნეს თურქეთში, როცა ყველა დოკუმენტი წესრიგში ჰქონდა, თან იყო სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარი და აპირებდა, კიდევ ემუშავა თბილისიდან და აქ დაეხარჯა გარკვეული თანხა.

„საქართველოში ყოფნისას ასე თუ ისე გავეცანი გარემოს, გავიცანი ადამიანები და დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ქვეყანას ძალიან უჭირს ტურისტების გარეშე. ძალიან ბევრმა ტურიზმის გაჩერების გამო საქართველოში სამსახური დაკარგა. ჩემთვის გაუგებარია, ასეთ დროს როდესაც მოსახლეობას ასე უჭირს და ქვეყნის ეკონომიკა მძიმე მდგომარეობაშია, საზღვარზე ვიზიტორების შემოშვება მესაზღვრეების მიერ მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებებით რატომ უნდა ხდებოდეს, მით უფრო მაშინ თუ ვიზიტორებს საბუთები წესრიგში აქვთ. მე საშუალო შემოსავლის ადამიანი ვარ, თუმცა ქვეყანაში იმ ხნის განმავლობაში, რაც დავრჩებოდი, დავხარჯავდი ფულს კვებაზე, ბინის ქირაზე და ამით ბინის მფლობელს შემოსავალი გაუჩნდებოდა; ასევე ფულს დავხარჯავდი შოპინგზე და ა.შ. ანუ ეს ფული ამ ქვეყანაში დარჩებოდა. არ ვიცი, რატომ იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. იმედია, ასეთი შემთხვევები აღარ განმეორდება და მეც შევძლებ საქარველოში ჩამოსვლას“, - ამბობს ქართველი მესაზღვრეებისგან უკან გაბრუნებული საქმიანი ტურისტი, თან იმ სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარი, რომელიც პანდემიის პირობებში, შარშან აგვისტოში ამოქმედდა.

Bm.ge აპირებს, აღნიშნულ კონკრეტულ შემთხვევაზე საქართველოს შს სამინისტროსაც მიმართოს და მათი პოზიციაც მოისმინოს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინა წლებშიც, როდესაც საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებული უცხო ქვეყნების მოქალაქეების/ვიზიტორების ქეისებს ვაშუქებდით, დეტალური ახსნა-განმარტება, ფაქტობრივად, არასდროს მიგვიღია. თითქმის ყოველთვის შსს-ში ზოგადი პასუხით შემოიფარგლებოდნენ - მიზეზი საბუთების წესრიგში არქონაა.

ამავე თემაზე საინტერესოა, როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ისე უშუალოდ ტურიზმის ადმინისტრაციის რეაქციაც, რომლის ინფორმაციითაც, 2020 წლის 27 აგვისტოდან 19 იანვრამდე სახელმწიფო პროგრამის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში საქართველოში 742 პირი ჩამოვიდა და მათ მიერ მხოლოდ სასტუმროში დახარჯული თანხა 1.4 მლნ ლარს აღემატება და თან, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლებით, პროექტის ფარგლებში საქართველოში ჩამოსული 742 პირი საშუალოდ 6 თვიან პერიოდში უდრის 9 მლნ-მდე დოლარის პოტენციურ დანახარჯს. 742 ვიზიტორში, დიდი ალბათობით, ყაზახეთის მოქალაქე და თურქეთის რეზიდენტი bm.ge-ის რესპონდენტიც შედის, რომელიც 12 თებერვალს საქართველოს საზღვრიდან უკან გააბრუნეს.