მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრეს ბანკი" დღეს არ არსებობს და შეუძლებელია მისი შემოწმება" - გვენეტაძე ხაზარაძეს პასუხობს

5db0367aab2ea
თელარა გელანტია
23.10.19 15:14
1088
„სებ-ში მუშაობენ მაკროეკონომისტები, ზედამხედველები და ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის ფულის გათეთრების ან სხვა ფაქტის, როგორც დანაშაულის აღმოჩენა ან გამოძიება“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა „პროგრეს ბანკის“ საეჭვო ტრანზაქციების თემის კომენტირებისას განაცხადა, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საუბრობს და კობა გვენეტაძეს მოუწოდებს, განხორციელებული ტრანზაქციები გამოიძიოს.

კობა გვენეტაძე ირწმუნება, რომ ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან ეს პრაქტიკულად, შეუძლებელია.

Bm.ge ამ თემასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძის პასუხს უცვლელად გთავაზობთ:

„პროგრეს ბანკთან“ დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ როდესაც საუბარია ტრანზაქციების გადახედვაზე, საქართველოს საბანკო სექტორში წლიურად ათეულობით მილიარდი ლარის ტრანზაქცია ხორციელდება. არ არის სწორი ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი ყველა ტრანზაქციის შესახებ ფლობს ინფორმაციას. ეს შეუძლებელია. ასევე, არასწორია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეროვნული ბანკის გარეშე არცერთი ტრანზაქცია არ ხორციელდება. თითოეული ტრანზაქციის კონტროლი არის ბანკის მოვალეობა. თავად ბანკმა უნდა აკონტროლოს ის ტრანზაქციები, რომელსაც აკეთებს, თუ როგორ სრულდება ისინი.

ამისთვის ეროვნული ბანკი ამოწმებს პოლიტიკა-პროცედურებს, რომელიც კომერციულ ბანკებს გააჩნიათ და ასევე, შერჩევითი მეთოდით იდენტიფიცირებულ ოპერაციებს ამოწმებს იმისთვის, რომ დარწმუნდეს, თუ რამდენად სწორად ხდება ამ ბანკის და ფინანსური ინსტიტუტის მიერ გაწერილი პროცედურების პრაქტიკაში განხორციელება. იმ შემთხვევაში, თუ სებ-ი დაინახავს, რომ ამ პროცესში იყო ფულის გათეთრების ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულების ფარგლებში, ეროვნული ბანკი შესაბამის ორგანოებს აცნობებს.

ამავე დროს, ერთ ფაქტსაც მივაქციოთ ყურადღება - ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს კომერციულ ბანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს, სესხის გამცემ სუბიექტებს, ბროკერებს ანუ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ერონული ბანკის ზედამხედველობის ქვეშაა.

შესაბამისად, ის პირი, რომელიც არ შედის ამ სუბიექტების ჩამონათვალში, ეროვნული ბანკის მიერ ვერ შემოწმდება და „პროგრეს ბანკი“ დღეს არ არსებობს და შეუძლებელია, მისი შემოწმება მოხდეს.

ზოგადად, ჩვენი ფუნქციაა, იყოს ეს პროცედურები და შემდეგ შევამოწმოთ, როგორ ხდება ამ პროცედურების დაცვა. როგორც მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკში არ მუშაობენ გამომძიებლები, სებ-ში მუშაობენ მაკროეკონომისტები, ზედამხედველები და ეროვნული ბანკის ფუნქცია არ არის ფულის გათეთრების ან სხვა ფაქტის, როგორც დანაშაულის აღმოჩენა ან გამოძიება“, - განმარტა კობა გვეტენაძემ.

ამასთან, დამატებით bm.ge-ის კითხვაზე - გამომდინარე იქიდან, რომ „პროგრეს ბანკის“ აქტივების ნაწილი და ვალდებულებები „თიბისი ბანკმა“ გადაიბარა და ის დღეს ფუნქციონირებს, რატომაა შეუძლებელი, ძველი ტრანზაქციების შემოწმება, კობა გვენეტაძემ პასუხის გაცემა არ ისურვა.