მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პროგრეს ბანკის" მეწილის ილია გავრილოვის ბანკი ფულის გათეთრებასთან კავშირის გამო რუსეთში დახურეს

5da9dce15c4f1
შოთა ტყეშელაშვილი
18.10.19 19:42
1319
2015 წლის 4 დეკემბერს, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც “Федеральный Депозитный Банк”-ს (ФДБ) საბანკო ლიცენზია გააუქმა. ცენტრალური ბანკი ამ გადაწყვეტილების მიზეზად ბანკის მხრიდან რიგი საზედამხედველო მოთხოვნების დარღვევას და ფულის გათეთრების ნიშნების შემცველი ტრანზაქციების განხორციელებას ასახელებს. ამ პერიოდში “ФДБ”-ის აქციათა 99%-იან წილს რუსი ბიზნესმენი ილია გავრილოვი ფლობდა. 

ამავდროულად, ილია გავრილოვი საქართველოს საბანკო სექტორშიც იყო წარმოდგენილი. მას კახა კალაძის მიერ დაფუძნებულ "პროგრეს ბანკში" აქციათა 78% ეკუთვნოდა. აქციების დარჩენილი 22%-იანი წილის მესაკუთრე კი საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო.

რუსეთის ცენტრალური ბანკის განცხადებიდან ირკვევა, გავრილოვის კუთვილ რუსულ ბანკში კონტროლის მექანიზმები მოშლილი იყო, საკრედიტო დაწესებულება მაღალრისკიან სესხებს გასცემდა და ამავდროულად, დიდი მოცულობის საეჭვო გადარიცხვებში იღებდა მონაწილეობას. 

“Федеральный Депозитный Банк”-ისთვის საბანკო ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაში რუსეთის ცენტრალური ბანკი აღნიშნავს:

“რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ეს გადაწყვეტილება საკრედიტო ინსტიტუტის მიერ ბანკების შესახებ კანონისა და რუსეთის ცენტრალური ბანკის რეგულაციების უგულვებელყოფის გამო მიიღო. ბანკის კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელი 2%-ზე დაბლა არის დასული.

ФДБ მაღალი რისკიანობის საკრედიტო პოლიტიკას ატარებდა. საკრედიტო რისკის ადეკვატურობის შეფასებამ გამოავლინა, რომ ბანკმა საკუთარი კაპიტალი სრულად დაკარგა. ამავდროულად, ბანკი დიდი მოცულობის საეჭვო ფულად გადარიცხვებში იყო ჩართული.

არც ბანკის მენეჯმენტმა და არც მფლობელებმა არ გაატარეს ეფექტური ზომები, რათა ბანკი ნორმალურ საკრედიტო საქმიანობას დაბრუნებოდა. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, ბანკებისა და საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის მეოცე მუხლის თანახმად გაეუქმებინა ФДБ-ს საბანკო ლიცენზია.

გადაწყვეტილება ნომერ OD-3467-ს მიხედვით, ბანკში დროებითი ადმინისტრაცია დაინიშნა.”

როგორც ირკვევა, "ФДБ"-ში საეჭვო ვითარებაში დაახლოებით 4 მილიარდი რუბლის მოცულობის აქტივები გაქრა.

“პროგრეს ბანკმა” კომერციული საქმიანობა 2016 წლის 18 ოქტომბერს დაასრულა. ამ დროისთვის ბანკის მთლიანი აქტივები 235,990,643 ლარს, ვალდებულებები კი 235,990,643 ლარს შეადგენდა. საბანკო ლიცენზიის გაუქმების დროისთვის ბანკის დირექტორთა საბჭო ასე გამოიყურებოდა:

ზვიად იმედიძე
ბადრი არეშიძე
ეკატერინე მაჭავარიანი

ბანკის აქტივების 95% და ვალდებულებების 100% მალევე თიბისი ბანკის შემადგენლობაში გადავიდა.

ორგანიზაცია “აი ფაქტის” მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ФДБ ერთადერთი რუსული ბანკი არ იყო, რომელთანაც “პროგრეს ბანკს” ჰქონდა კავშირი. 2015 წლის აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ “პროგრეს ბანკის” ერთ-ერთი უმსხვილესი დეპოზიტარი ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში რეგისტრირებული ბანკი Razvitye იყო, რომელსაც ბანკში $12 მილიონის მოცულობის დეპოზიტი ჰქონდა განთავსებული.

“Razvitye -ს საბანკო საქმიანობის ლიცენზია 2016 წლის 10 ოქტომბერს ჩამოერთვა, გაკოტრებულად კი თვენახევრის შემდეგ გამოცხადდა. 2017 წლის იანვარში რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა. ცენტრალურმა ბანკმა იპოვა მტკიცებულებები, რომ “რაზვიტიემ” ქონების მითვისების მიზნით გასცა ფიქტიური სესხები ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, არასათანადოდ გადაიხადა ბანკის მიერ აღებული ვალები, მოიპარა თანხები სავალდებულო სადეპოზიტო სადაზღვევო ფონდიდან, რამაც მიზანმიმართულად მიიყვანა ბანკი გაკოტრებამდე,”- ნათქვამია “აი ფაქტის” მიერ მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში.

რამდენიმე დღის წინ „მთავარი არხის“ ეთერში მამუკა ხაზარაძემ გაიხსენა 2016 წელი, როცა „თიბისი ბანკი“ „რესპუბლიკა ბანკის“ შეძენას გეგმავდა, მაგრამ მისი თქმით, მაშინ ეროვნულმა ბანკმა ტრანზაქცია უმიზეზოდ შეაჩერა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, აღნიშნული საკითხი მან ბიძინა ივანიშვილთან ერთ-ერთი საუბრისას წამოჭრა, რა დროსაც ივანიშვილმა მას პროგრეს ბანკის შესყიდვაც სთხოვა. საბოლოოდ თიბისიმ ბანკის აქტივების მხოლოდ ნაწილი იყიდა. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ შემოწმებისას გამოიკვეთა, რომ “პროგრეს ბანკი” საეჭვო ტრანზაქციებში მონაწილეობდა.

“მგონი კითხვები არის საკმაოდ ლეგიტიმური და სერიოზული. კითხვა იქიდან იწყება, როგორ მოხდა, რომ საქართველოში ოპერირებდა ბანკი, რომლის თანადამფუძნებელი კალაძესა და ივანიშვილთან ერთად იყო ცნობილი ფულის გამთეთრებელი გავრილოვი. დანარჩენი გამოძიების საქმეა,”- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა უპასუხა. მესტვირიშვილის თქმით, დოკუმენტაცია, რაზეც გასული დღეების განმავლობაში მიმდინარეობს საუბარი, ეროვნულ ბანკში არ ინახება. მან "თიბისი ბანკს" მოუწოდა, რომ თუ ბანკში ინახება დოკუმენტაცია, სადაც სს “პროგრეს ბანკში” განხორციელებული საეჭვო ტრანზაქციები არის ასახული, სამართალდამცავებსა და ეროვნულ ბანკს მიაწოდონ.

“პროგრეს ბანკის” დამფუძნებელი კახა კალაძე ბანკის ფულის გათეთრებასთან კავშირს უარყოფს.

“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, "პროგრესს ბანკს" არანაირი შეხება ფულის გათეთრებასთან არ ჰქონია,” - ამის შესახებ კახა კალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე იტყუება და არანაირი აუდიტორული დასკვნა არ ჩატარებულა.