27.აგვისტო .2019 20:04

პროკურატურა - ხაზარაძე ცრუობს, ბრიტანეთმა თავად მოგვაწოდა ინფორმაცია მათი ქონების შესახებ

views 2377
უკან

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გამართული საგანგებო ბრიფინგის საპასუხო განცხადებები გაკეთდა. უწყებაში აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურებს ბანკირების ფინანსური მდგომარეობის შესახებ მოსთხოვა ინფორმაცია, სიმართლეს არ წარმოადგენს

საქმის ერთ-ერთი პროკურორის, გიორგი მიქავას განცხადებით, დიდმა ბრიტანეთმა თავად გადმოსცა ქართულ მხარეს ბიზნესმენების ფინანსური საქმიანობის შესახებ არსებული მასალები. მიქავა ასევე ამბობს, რომ ბრიტანელებს "პოლიტიკური დევნისა" და "კრიმინალური საქმეების" ერთმანეთისგან გარჩევა კარგად შეუძლიათ. 

"აღნიშნული კომუნიკაცია შედგა ბრიტანული მხარის ინიციატივით და დამერწმუნებით, რომ ამ ქვეყანაში ნამდვილად არის ის უმაღლესი სტანდარტი, სადაც მარტივად გაირჩევა კრიმინალური საქმეები პოლიტიკური დევნისგან.

რაც შეეხება განცხადებაში მოყვანილ კიდევ ერთ ცრუ გარემოებას, თითქოს ეს კომუნიკაცია შედგა ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში, ეს არის კლასიკური მაგალითი ყალბი ამბის გავრცელების. რეალურად, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ იმ კონვენციის დასახელებიდან, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის და რომელსაც ეწოდება „დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლის გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის და ტერორიზმის დაფინანსების შესახებ“ - ამოგლიჯეს დასახელებიდან ერთი სიტყვა „ტერორიზმი“ და საზოგადოებას მიაწოდეს მორიგი ცრუ ინფორმაცია, თითქოს კომუნიკაცია ორ მხარეს შორის მიმდინარეობს ანტიტერორისტულ საქმიანობაზე. გარდა კონვენციის დასახელებისა, სამართლებრივ პროცედურებში სიტყვა „ტერორიზმი“ ნახსენები არსად არ არის.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშებზე, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ეკვივალენტების დაყადაღებას, გენერალური პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, სამართლებრივი პროცედურების ფარგლებში განიხილოს ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის გამოყენებას იმგვარად, რომ ხაზარაძეს და ჯაფარიძეს ხელი არ შეეშალოთ საზოგადოებრივ და ბიზნეს საქმიანობაში“, - განაცხადა პროკურორმა.

დღეს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ სპეციალური ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ საქართველოს მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვას გეგმავს. თიბისი ბანკის ჯგუფის დამფუძნებელი პარტნიორების განცხადებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის შესაბამის სამსახურს და მას მათ შესახებ არსებული ინფორმაციის გაგზავნა მოთხოვა. ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ამ პროცესის დაწყებით, საქართველოს მთავრობა დიდ ბრიტანეთში მათი აქტივების გაყინვას გეგმავს. 

ამ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფრსომა, ვალერიან ხასაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბარში განაცხადა, რომ ის "სისულელეზე" კომენტარს ვერ გააკეთებდა და რომ აღნიშნული საკითხი კონფიდენციალური იყო:

„უკაცრავად ვერანაირ კომენტარს ვერ მოგცემთ. ჯერ ერთი კონფიდენციალურია ყველანაირი ინფორმაცია, მეორე სისულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - აღნიშნა ვალერიან ხასაშვილმა.

"ამჯერად ახალი ნაბიჯი გადადგა ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა,  რომელმაც ანტიტერორისტული დაფინანსებისა და ფულის გათეთრების საბაბით მიმართა ბრიტანეთის შესაბმის სამსახურს, რომ თურმე მე და მამუკა ვართ ფულის გათეთრებასთან კავშირში და მიმართა ბრიტანეთს ფულის დაყადაღების მოთხოვნით. ეს მცდელობაც, რომელიც განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ემსახურება ერთ მიზანს, რომ ჩვენი კანონიერი სახსრების ბლოკირება მოხდეს დიდ ბრიტანეთში. ეს დამოწმებულია საქართველოს სასამართლოს მიერ,"- განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. 


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა