27.აგვისტო .2019 12:51

პროკურატურა ავთანდილ წერეთლის გირაოდ ნახევარ მილიონ ლარს მოითხოვს

views 127
უკან

BMG-ის მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში ისინი აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებას მოითხოვენ. უწყებაში ამბობენ, რომ მოთხოვნილი თანხა ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს. 

გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით სასამართლოს დღეს მიმართა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე ჩაინიშნა.

ავთანდილ წერეთელი საქართველოში დღეს დაბრუნდა, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ საქმეზე ძიება დასრულებულია და ახლა ყველაფერი სასამართლოში უნდა გაირკვეს.

"ახლა არის სასამართლო დარჩენილი და გავარკვევთ სასამართლოში ყველაფერს. ერთი ვიცი, იმ მთავრობამ წამართვა ქონება და ფული, ამ მთავრობამაც წამართვა, მაგრამ “ტვ პირველს” ვერავინ წამართმევს,"- ამბობს წერეთელი.

შეგახსენებთ, რომ "თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ "TV პირველის" დამფუძნებლის მამას, კომპანიების "სამგორი თრეიდისა" და "სამგორი M"-ის მეწილე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წარუდგინა. 

პროკურატურა წერეთელს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა