02.სექტემბერი .2019 17:40

პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებაზე: "აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება"

views 265
უკან

საქართველოს პროკურატურა თიბისი ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის განცხადებას პასუხობს, რომელიც მათ დილით გაავრცელეს. განცხადებაში საუბარი იყო, რომ გენერალურმა პროკურატურამ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები 6 სექტემბერს გენერალურ პროკურატურაში დახურულ შეხვედრაზე მიიწვია.

“შეხვედრაზე დაგეგმილია პროკურატურის მიერ დაქირავებული ორი უცხოელი ექსპერტის მოსაზრებების თუ დასკვნის წარდგენა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით”,- ნათქვამი იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის განცხადებაში, რომლებსაც პროკურატურა 17 მილიონი დოლარის გათეთრებას ედავება.

საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ “აღნიშნულ დროს არანაირი შეხვედრა არ იგეგმება, თუმცა უმაღლესი კვალიფიკაციის უცხოელი ექსპერტების მიერ მომზადებულ დასკვნას აუცილებლად გაეცნობიან საერთაშორისო ორგანიზაციები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები”.

bm.ge პროკურატურას დამატებით განმარტებისთვის დაუკავშირდა - კერძოდ, საინტერესოა, რას გულისხმობს უწყება: ანუ უარყოფს ამ კონკრეტულ რიცხვში დაგეგმილ შეხვედრას თუ დახურულ ფორმატს? ამასთან, რა ფორმატში მიეწოდებათ ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, პროკურატურაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ.

“გამოძიება საწყისი ეტაპიდანვე მიმდინარეობს ღიად და გამჭვირვალედ. პროკურატურა ამ საქმეზე საზოგადოებასთან აქტიურ კომუნიკაციაშია და მუდმივად ახდენს დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას. ამასთან, დაცვის მხარეს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა გაეცნოს მოპოვებულ მტკიცებულებებს და ჩაატაროს შემხვედრი მოქმედებები.

აქვე დავძენთ, რომ აბსოლუტურად არაადეკვატური და მიუღებელია პრეზუმფციული ხასიათის ეჭვის შეტანა საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე იურისტების მიუკერძოებლობაში, მხოლოდ და მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ საექსპერტო დასკვნის მომზადება საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ შესთავაზა.

ბრალდებულთა მხრიდან ექსპერტების საქმიანობის და პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა ჩართულობის მიმართ ეჭვების დაფიქსირება, მათი მხრიდან პრევენციულ ხასიათს ატარებს და მიზნად ისახავს წინმსწრებად დასკვნის დისკრედიტაციას”,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა