მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურა: ხაზარაძისთვის გაგზავნილ წერილზე გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი არ აღმოჩნდა

5f4006fb6f6e4
შოთა ტყეშელაშვილი
21.08.20 21:35
1202

მთავარი პროკურატურა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეში არსებული წერილის შესახებ სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს. უწყების ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძის მიერ წარმოდგენილ წერილზე ჩატარდა დაქტილოსკოპიური ანალიზი, რომელიც აჩვენებს, რომ წერილზე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თითის ანაბეჭდი არ არის. საუბარია მუქარის შემცველ წერილზე, რომელიც მამუკა ხაზარაძემ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიღო და მისი ავტორი მაშინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.

მთავარი პროკურატურის განცხადება:

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საქართველოს გენერალური პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული შესაძლო იძულების ფაქტზე.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 04 მარტს, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, გააკეთა განცხადება, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, საქართველოს შინაგან საქმეთა იმჟამინდელი მინისტრისაგან, გიორგი გახარიასაგან, მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადების ირგვლივ, 2019 წლის 06 მარტს, მამუკა ხაზარაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა, რა დროსაც მან გამოძიებას მხოლოდ ზემოხსენებული წერილის ასლი წარუდგინა, ვინაიდან ხაზარაძის განცხადებით დედანი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით დიდ ბრიტანეთში იყო გაგზავნილი.

წერილის დედანი საქართველოს გენერალურ პროკურატურას მოგვიანებით, 2019 წლის 21 ოქტომბერს, ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის მასალებთან ერთად გადაეცა.

გამოძიების მსვლელობისას სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ ჩატარდა შემხვედრი დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები, რა დროსაც მოხდა წარმოდგენილ წერილზე არსებული თითის ანაბეჭდის კვლების და მათი ვარგისიანობის იდენტიფიცირება, ასევე სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს და ბრიტანული კერძო კომპანიის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების შედარება, რაც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასაგან მოხდა დაქტილოსკოპიური კვლევისათვის საჭირო საკონტროლო ნიმუშების აღება, რომლებიც წერილზე იდენტიფიცირებულ თითის კვლების ნიმუშებს შედარდა.

სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიურო“-ს, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წერილზე არსებული თითის კვლები არ ეკუთვნის საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

გვსურს საზოგადოებას დამატებით ვაცნობოთ, რომ წერილზე თითის კვლების დამტოვებელი პირის იდენტიფიცირების და მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ გაკეთებული განცხადების შესწავლის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეცნობება დამატებით."

რა წერია მუქარის წერილში:

პროკურატურამ წერილი 2019 წლის 6 მარტს გაასაჯაროვა.

"დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს;

ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე:

1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TV იმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ.-მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდნენ მას ნაციონალური მოძრაობის პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე;

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენ ხელთ არსებულ სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის", - წერია მუქარის წერილში.