მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროკურატურამ დააკავა თაღლითური ჯგუფი, რომელმაც ფრანგ და ბრიტანელ ინვესტორებს 600 ათასი ევრო მოპარა

626a79f562c6f
BM.GE
28.04.22 15:27
1129
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, მათ დიდი ოდენობით თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ. 

ბრალდებულებმა ბრიტანულ და ფრანგულ ფირმებს ყალბი საინვესტიციო შეთავაზებები გაუგზავნეს და მათგან მოტყუებით 600,000 ევრო მიითვისეს. 

"დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში, დაზარალებულებს გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს.

აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,"- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.