22.აგვისტო .2019 11:21

პროკურატურამ ხაზარაძე და ჯაფარიძე წარდგენილი ბრალის დაზუსტებისთვის დაიბარა

views 218
უკან

"თიბისი ბანკის" საქმეზე პროკურატურამ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი წაუყენა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პროკურატურა წერეთელს "თიბისი ბანკის" დამფუძნებლებთან მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძესთან ერთად უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში თანამონაწილეობას ედავება. ბრალის დადგენილების გადასაცემად იგი პროკურატურაში დღეს დაიბარეს.

ამასთან, წერეთელთან ერთად პროკურატურაში დაბარებულები არიან მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2018 წლის 2 აგვისტოს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, ჯგუფურად, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებების ანალიზის შედეგად მიღებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯგუფის სხვა წევრის მიმართ.
კერძოდ, გამოტანილია დადგენილება ავთანდილ წერეთლის ბრალდების შესახებ, მის მიერ, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ფაქტზე, ჩადენილი ჯგუფურად, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

ავთანდილ წერეთელი დღეს დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით, რის შემდეგაც საქართველოს გენერალური პროკურატურა სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე.

ასევე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაბარებულები არიან ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე მათთვის წარდგენილი ბრალდების დაზუსტების მიზნით", – განაცხადა პროკურორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა