მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პროტოკოლი არ შეიცვლება თუ არ იქნება WHO-ს რეკომენდაცია - თამარ გაბუნია

5e84607b58960
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 13:39
1115
პროტოკოლები და ალგორითმები არ შეიცვლება თუ არ იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომნდაცია, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, რომელიც მარნეულის შემთხვევის შემდეგ პროტოკოლის შეცვლას შეეხებოდა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ ქვეყანაში ტექნიკური საკითხების თემაზე სამი საბჭო მოქმედებს და გარდა ამისა, საქართველო მიჰყვება იმ გაიდლაინებს, რომელსაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციები ადგენენ.

„ჯანდაცვის სამინისტროში COVID-19-ის ტექნიკური საკითხების თემაზე კონსულტაციების მიზნებისთვის მუშაობს სამი საბჭო, რომელიც დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით: კლინიკური საბჭო, რომელსაც ხელმძღვანელობს თენგიზ ცერცვაძე; ლაბორატორიული ექსპერტების საბჭო, რომელსაც კოორდინაციას მე ვუწევ და იქ შედიან ლაბორატორიის ექსპერტები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტების საბჭო, რომელსაც ასევე ჯანდაცვის სამინისტრო უწევს კოორდინაციას და ეს სამივე საბჭო მუშაობს იმ ასპექტებზე, რაც შეეხება კორონავირუსის მართვას.

გარდა იმისა, რომ საბჭოს აქვს საკონსულტაციო ფუნქციები მნიშვნელოვანია მივყვეთ საერთაშორისო რეკომენდაციებს და იმას, რასაც გვეუბნება ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და აქ ჩვენი ეპიდემიის მიმდინარეობის სპეციფიკიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, სად და როდის მოხდება გარკვეულწილად შემთხვევების რაოდენობის მატება, ან სად გაიზრდება ან შემცირდება ტესტირების საჭიროება არც შემთხვევის განმარტება არ შეიცვლება და არც ალგორითმი არ შეიცვლება, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ეს არ არის რეკომენდირებული ჯანმოს, ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრების მიერ.

ჩვენ მივყვებით მეცნიერულად დასაბუთებულ მიმართულებებს და ალგორითმი შეიცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საკმარისი მტკიცებულებები გამოჩნდება ალგორითმის რეკომენდაციების შესაცვლელად. ანუ ეს არის ორი მექანიზმი, მეცნიერულად დასაბუთებული პრაქტიკა და ექსპერტების კონსულტაცია, რომლითაც ჩვენ დღეს ვხელმძღვანელობთ და რაც უდევს საფუძვლად ყველა იმ გაიდლაინს და პროტოკოლს, რომელიც ამ მიზნებისთვის სპეციალურად მომზადდა. მინდა დავაზუსტო, ეს მოიცავს კლინიკური მდგომარეობების მართვის გაიდლაინს და პროტოკოლს, ასევე პირველად ჯანდაცვაში საეჭვო შემთხვევების ტრიაჟის და რეფერალის პროტოკოლს და მესამე არის ალგორითმი, რომელიც დღეს დილას უკვე დამტკიცდა ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით კონკრეტულად - დიაგნოსტიკური ტესტირების თაობაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.