მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP - სახელმწიფოს მიერ ყველა მედიკამენტის ფასის დარეგულირება კარგ შედეგებს არ მოიტანს

5def5d3ec5412
ინგა მურუსიძე
10.12.19 13:04
1151
ფარმაცევტული კომპანია psp-ს ოპერაციების დირექტორის მამუკა ბრეგვაძის განცხადებით, სახელმწიფოს მიერ ყველა მედიკამენტის ფასის დარეგულირება კარგ შედეგებს არ მოიტანს.

როგორც მან საკითხის შეფასებისას აღნიშნა, შესაძლოა, ფასების ზოგადმა დარეგულირებამ ქვეყნიდან დიდი მწარმოებლების გასვლა გამოიწვიოს.

„ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით მესიჯები იქნა გაჟღერებული როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მხრიდან, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდანაც, თუმცა რა კუთხით და როგორ დაამუშავებენ ფასების რეგულაციას, ამ ეტაპზე ინფორმაცია არ გვაქვს; კონკრეტულად ამ თემებზე საუბარი ძალიან გაგვიჭირდება. ჩვენ მზად ვართ, დავემორჩილოთ ყველანაირ რეგულაციას და მზად ვართ, აღვასრულოთ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში. რეგულირებამ შესაძლოა გარკვეულ ნაწილში შექმნას პრობლემა, თუმცა გარკვეულ ნაწილში ახლაც არის დარეგულირებული ფასი ქრონიკულ მედიკამენტებზე, სახელმწიფო ჯანდაცვის ნაწილში“, - განაცხადა ბრეგვაძემ.

რაც შეეხება ფასების დარეგულირების შემთხვევაში შესაძლო პრობლემების წარმოჩენას, ბრეგვაძე მიიჩნევს, რომ ამის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა სახელმწიფო კონკრეტულ პოზიციას ჩამოაყალიბებს.

"ზოგადად, ფასის რეგულირებამ კარგი შედეგები არ მოიტანა მსგავს ბაზრებზე, სადაც ეს უკვე მოხდა. შესაბამისად, ის, რომ ყველა მედიკამენტზე იყოს ფასი დარეგულირებული, დადებით შედეგებს არ მოგვიტანს. გაჟღერებულიც იყო, რომ შესაძლოა, ამან  ქვეყნიდან დიდი მწარმოებლების გასვლა გამოიწვიოს, თუმცა ის, რომ რაღაც გენერიულ დასახელებაზე ფასი გამოაცხადოს სახელმწიფომ და ამ ფასის ფარგლებში ფარმაცევტულმა კომპანიამ მიიღოს გადაწყვეტილება, განახორციელებს თუ არა კონკრეტული პროდუქციის რეალიზაციას, ეს მათი გადასაწყვეტი იქნება“, - აღნიშნა ბრეგვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, სახელმწიფო იწყებს მუშაობას კანონმდებლობაზე, რომლითაც შესაძლოა, ქრონიკული მედიკამენტების ნუსხა გაფართოვდეს და რიგ მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდეს.