მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

PSP: თურქ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები უკვე დავიწყეთ

61e80a9e07200
თათია ჩაფიჩაძე
19.01.22 21:00
724
კომპანია PSP-ში აცხადებენ, რომ თურქეთიდან იმპორტის წარმოების მიზნით მოლაპარაკებები ადგილობრივ კომპანიებთან უკვე დაიწყეს. თუმცა ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ რომელი ჯგუფის მედიკამენტებს შეისყიდიან და რამდენით ნაკლები იქნება მათი ფასი.

როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია ხაბეიშვილი განმარტავს, პროცედურებს დაახლოებით 3-თვიანი პერიოდი დასჭირდება, რაც შეეხება ხარისხის, PSP-ში აცხადებენ, რომ აქცენტი მათი მხრიდან GMP სტანდარტით მომუშავე კომპანიებზე გაკეთდება.

„პირველ ეტაპზე უკვე დავიწყეთ მწარმოებლებთან მოლაპარაკებები და შემდეგ გადავალთ რეგისტრაციის პროცესზე, რაც გარკვეულ პერიოდს მოითხოვს. გარკვეული მწარმოებლები აწარმოებენ ცალკეული ფარმაკოლოგიური ჯგუფის მედიკამენტებს, იქიდან გამომდინარე რა უფრო მოთხოვნადი და საინტერესოა, იმიტომ რომ იქ იაფი ღირს, ბევრი ამ ნიუანსის გათვალისწინებით ხდება მოლაპარაკების წარმოება. კონკრეტიზაციაზე ამ ეტაპზე ძალიან არასერიოზულია საუბარი, იმიტომ რომ დადგენილება 2 დღის წინ შევიდა ძალაში.

ვისაც ჩვენ დავეკონტაქტებით, აუცილებლად აქცენტს გარანტირებულად ხარისხიან მედიკამენტებზე გავაკეთებთ ანუ მათზე, ვინც მუშაობს GMP-სტანდარტით.

დღეს აბსოლუტურად მკითხაობის დონეზეა ფასის თემა, ერთია რა ღირს იქ წამალი და მეორეა რა ეღირება როცა ექსპორტზე გავა. ბევრი ნიუანსია დარჩენილი, ყველაფერი მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული, ამიტომ ახლა პროგნოზებზე საუბარი არასერიოზულია.

ვფიქრობ 3 თვეში რეალური იქნება ამის შედეგების ნახვა, მას შემდეგ რაც ხელმისაწვდომი იქნება მედიკამენტები და მომხმარებლები შეიგრძნობენ ამის შედეგს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, თურქეთის ფარმაცევტული ბაზრის გახსნის ინიციატივა პრემიერმა მიმდინარე თვის დასაწყისში გააჟღერა. მისი თქმით, ინიციატივა მიზნად ქართულ ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას ისახავს, თანაც ისე, რომ არ დაეცეს წამლის ხარისხი და ფარმაცევტულ ბაზარზე შეიქმნას კონკურენტული გარემო. ამასთან, პრემიერმა მთავრობის სხდომაზე მხოლოდ ის განაცხადა, რომ იმპორტიორი კომპანიები, თურქეთიდან GMP-ის სტანდარტის შესაბამის წამლების შემოტანას შეძლებენ, რომლის ფასი საკმაოდ დაბალია.

ფასების კონტექსტში საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროში განმარტეს, რომ თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად ქართულმა მხარემ 200 დასახელების მედიკამენტის ფასი შეისწავლა, დადგენილებაზე ხელმოწერით კი საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი ნებისმიერი დასახელების მედიკამენტის იმპორტისთვის ღიაა.