მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის არცერთ მწარმოებელს ფქვილის დიდი ხნის მარაგი არ აქვს - „იფქლი“

62308f3b6cb21
ელენე გოგბერაშვილი
16.03.22 09:45
2699
საქართველო ხორბლის ფქვილს ძირითადად რუსეთის ბაზარზე ყიდულობს. ფქვილის იმპორტი განსაკუთრებით გასული წლიდან რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი საბაჟო მოსაკრებლის დაწესებამ წაახალისა, მაშინ როცა ანალოგიური მოსაკრებელი არ ვრცელდება ფქვილის ექსპორტზე. ხორბლის მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე, ქართველ იმპორტიორებს ხორბლის შემოტანა და ფქვილის ადგილზე გადამუშავება აღარ უღირთ. ბოლო თვეების განმავლობაში ამ მიზეზით 10-ზე მეტი წისქვილი დაიხურა და მათი ნაწილი მთლიანად ფქვილის იმპორტზე გადაერთო.

მიუხედავად რუსეთის მხრიდან ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე მოსალოდნელი შეზღუდვებისა, ფქვილი საქართველოში ჩვეულებრივი რეჟიმით შემოდის. პრობლემა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში შეიქმნა, რადგან რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო 250-მდე მანქანა, რომელიც ფქვილითაა დატვირთული, საქართველო-რუსეთის საზღვარზეა გაჩერებული. პურის მწარმოებლები ამბობენ, რომ მათ, დაახლოებით, სამკვირიანი მარაგები გააჩნიათ, შესაბამისად არ ელიან, რომ იმპორტის დროებით შეფერხებას საწარმოო პროცესებზე გავლენა ექნება.

„ჩვენ რაღაც მარაგები გვაქვს, მაგრამ ეს არ არის თვეებზე გაწერილი. პურის არცერთ წარმოებას არ აქვს დიდი ხნის მარაგი. ეს შეიძლება იყოს 2 კვირა, 20 დღე, მაქსიმუმ ერთი თვეზე გათვლილი მარაგი“, - აცხადებს კომპანია „იფქლის“ ხელმძღვანელი ბაქარ ბაკურაძე.

მისი თქმით, ზოგადად, დარგში მდგომარეობა რთულია, თუმცა ამ ეტაპზე პურზე ფასის ცვლილებაზე საუბარი არ არის.

„შესაფუთი მასალები, პურის შემადგენელი ინგრედიენტები, საწვავი გაძვირებულია და ზოგადად, ჩვენს სექტორში მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ ვცდილობთ, პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნებას, რადგან ფქვილზე ფასი ჯერ არ არის გაზრდილი...

გაზრდილ ხარჯებს ჩვენი მოგების შემცირების ხარჯზე ვაბალანსებთ. სხვა რითი შეიძლება დააბალანსო, როცა პირობითად ფქვილი, დენი, გაზი ძვირდება და გაიაფებით არაფერი იაფდება?!“ - ამბობს ბაკურაძე.

შეგახსენებთ, მომხმარებლისთვის პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნების მიზნით მთავრობა კვლავინდებურად სუბსიდირების მექანიზმის გამოყენებას განიხილავს, თუმცა ჯერ ბაზარს აკვირდებიან და შესაბამისი გადაწყვეტილება  დარგობრივ უწყებას მიღებული არ აქვს.