მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პურის ფასი არ შეგვიცვლია, მაგრამ საშინელ დღეში ვართ" - მწარმოებელები

5ea1b103907be
ვიქტორია მღებრიშვილი
23.04.20 20:40
3586
სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პურის გაძვირების წინაპირობა არ არსებობს, იქიდან გამომდინარე, რომ ხორბლის იმპორტის სუბსიდიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ტომარა ფქვილზე ზღვრული ფასი 51 ლარი დაწესდა. 

BM.GE დაინტერესდა, რა ხდება დედაქალაქის გარეთ და როგორია ტომარა ფქვილის ფასი რეგიონებში.

როგორც ხაშურში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანიის „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელი აცხადებს, ტომარა ფქვილის ფასი სხვადასხვა წისქვილში განსხვავებულია და 49 ლარიდან 55 ლარამდე მერყეობს.

„პურის ფასი არ შეგვიცვლია, მაგრამ ვართ საშინელ დღეში, იმიტომ რომ გორის ერთი წისქვილის გარდა, სხვა ყველა წისქვილში ფქვილის ფასმა 4.5 ლარით, ზოგან კი 6.5 ლარით მოიმატა. ამ წისქვილში ფქვილზე ძველ ფასს ინარჩუნებენ და ერთი ტომარა 49 ლარი ღირს, დანარჩენ წისქვილებში კი 53.5 – 55.0 ლარია. ასევე მოიმატა ფასმა საფუარზე. ერთი პურის ღირებულება, მისი სავალდებულო შეფუთვის ხარჯის გათვალისწინებით, 7-8 თეთრით გაიზარდა და რა იქნება არ ვიცი. მცირე შეღავათს მოგვცემს ალბათ გაზის ტარიფის შემცირება.

კომპანიის მოგებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ახლა ჩემი მიზანია ჩემთან დასაქმებული 30-მდე თანამშრომელი შევინარჩუნო და არ წავიდე მინუსში. დიდი საწარმოები ლავირებას აკეთებენ წონებით, მაგრამ ბულკს ხომ არ გავყიდით. კბილებით მიკავია ყველაფერი. სამწუხაროდ ხდება ის, რაც არ უნდა ხდებოდეს, ზოგი ცდილობს რომ 2 კაპიკით მეტი ფული დარჩეთ, რაც ვფიქრობ რომ არასწორია.

ამ ვითარებაში მონოპოლიას დიდი პურის საცხობები მოიპოვებენ, იმიტომ რომ მათ შეუძლიათ ცოტა წონას მოაკლონ და წარმოებას არაფერი შეეტყობა, ამის გაკეთების საშუალება ჩვენ არ გვაქვს. მოხდება ისე რომ ადგილობრივი წარმოებები დაიხურება. დიდხანს ვერ გავჩერდებით ასე. თუ მოვასწარი და ამავე ფასად შევძელი მარაგის შევსება 1 თვე შევძლებ წარმოების გაგრძელებას“, - უთხრა BM.GE-ს პურის მწარმოებელმა.

ფქვილის გაზრდილ ფასზე საუბრობს ბათუმში მოქმედი წარმოების „დია ამოს“ დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი დოლიძეც. მისი თქმით, აჟიოტაჟის პირველ დღეებში ტომარა ფქვილის ღირებულება 59 ლარი იყო, შემდეგ 53 ლარზე ჩამოვიდა.

„ფქვილის ფასი დიდი ხანია რაც გაზრდილია, ორი დღის განმავლობაში 59 ლარზე იყო ასული, მერე 55 ლარზე ჩამოვიდა და დღეს ფასი 53 ლარია ტომარაზე. ფასის გაზრდილის მიზეზად წისქვილები ლარის გაუფასურებას ასახელებენ.

მიუხედავად ამისა, ჩვენ პური არ გაგვიძვირებია. ეს დამოკიდებულია საცალო მაღაზიებთან კავშირზე, მათ გაფრთხილებას 1 თვე მაინც უნდათ, ამას ემატება მორალური მხარეც. ჩვენდა სასიკეთოდ ბანკებმა გააჩერეს კრედიტები, აქედან გამომდინარე ის თანხა მიიმართა გაზრდილი ფქვილის ფასზე და ჩემს ზნეობაზე. ჩვენ არ ვართ პატარა საწარმო, 100-მდე თანამშრომელი მყავს დასაქმებული და თითოეულ მათგანს ჰქონდა იმის შიში, რომ მოგვიწევდა გაჩერება, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვინარჩუნებთ წარმოებასაც და დასაქმებულებსაც.

ფოთის წისქვილის ტომარა ფქვილი 53 ლარი ღირს და ის დომინანტია, იქიდან მოგვაქვს ხოლმე ძირითადად ფქვილი. ბათუმში 54 ლარი ღირს 1 ტომარა ფქვილი. მერე პური მარტო ფქვილი ხომ არ არის, იქ არის შეფუთვა, მარილი, საფუარი - ყველაფრის ხარჯი გაზრდილია, გარდა ამისა გაზზე 10 თეთრიანი შეღავათი დიდ განსხვავებას არ იძლევა, თუმცა ესეც უნდა დავინახოთ; ბენზინის ფასმაც ცოტა დაიწია და ესეც შეღავათია ჩვენთვის.

ამასთან რადგან აჟიოტაჟის პირველ დღეებში მოსახლეობამ ფქვილი შეიძინა და დაიწყო სახლებში ცხობა. შესაბამისად დღეში თუ ვაცხობდით 5 ტონა პურს, ჩამოვედით 3.5 ტონაზე“, - ამბობს „დია ამოს“ ხელმძღვანელი გიორგი დოლიძე.