მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პურის საწარმოები ელექტროენერგიაზე შეღავათის მისაღებად მთავრობას დახმარებას სთხოვენ

601abe350d8c6
სალომე მეცხვარიშვილი
03.02.21 19:32
1457
პურის საწარმოები ელექტროენერგიაზე შეღავათის მისაღებად მთავრობას რეგისტრაციის ვადის გახანგრძლივებას სთხოვენ - ამის შესახებ bm.ge-ს პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ განუცხადა.

2021 წლიდან ელექტროენერგიის ფასი კილოვატ საათზე კომერციული სექტორისთვის 11-13 თეთრით გაიზარდა. მთავრობამ გადაწყვიტა, ნაზარდი ტარიფის 50% საწარმოების ნაწილს დაუსუბსიდიროს. შეღავათი ეხებათ იმ კომპანიებს, რომლებიც სურსათს აწარმოებენ. სუბსიდიის მისაღებად კომპანიებს რეგისტრაცია 27 იანავარამდე უნდა გაევლოთ, თუმცა, ეს დაახლოებით 400-მა კომპანიამ მოახერხა, დანარჩენებს ეს ან გამორჩათ, ან ვერ მოასწრეს. კომპანიები აცხადებენ, რომ მათთან სათანადო კომუნიკაცია არ მოხდა, რის გამოც მათი უმრავლესობა სუბსიდიის გარეშე დარჩა.

მალხაზ დოლიძე ამბობს, რომ პურის მცირე საწარმოებში არ არის კარგად განვითარებული ელექტრონული სერვისები, ამიტომ მათმა დიდმა ნაწილმა ინფორმაცია ვერ მიიღო, თუმცა, შეღავაღების მიღმა დარჩნენ ისეთი დიდი საწარმოებიც, როგორიც “იფქლი დიღომი” ან აჭარაში მდებარე საკმაოდ დიდი საწარმო “ნაღდი პურია”.

“სხვა დროს, მსგავს ვითარებაში ვიღებდით ხოლმე წერილს ოფიციალურად, რომლის ტირაჟირებასაც ვახდენდით და ჩვენს ობიექტებს ვაწვდიდით ინფორმაციას. ახლა ზოგიერთმა მეწარმემ მიიღო SMS შეტყობინება, ზოგიერთმა - არა.

ყველაფრის ფასი იზრდება, ახლახანს 20%-ით გაძვირდა საფუარიც, მეწარმეები კი თითოეულ თეთრს უფრთხილდებიან და ამ დროს მსგავსი შეღავათი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია”,- აცხადებს მალხაზ დოლიძე და შესაბამის უწყებებს მოუწოდებს, მისცენ დამატებითი ვადა კომპანიებს, რომლებსაც ეხებათ ელექტროენერგიის სუბსიდირება და შესაბამის პლატფორმაზე (www.registration.gov.ge) დარეგისტრირება ვერ მოასწრეს.

შეგახსენებთ, მთავრობამ რიგი საწარმოებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადის 50%-ის დასუბსიდირების გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლოს მიიღო, თუმცა, კონკრეტულად რომელ სექტორებს შეეხებოდა შეღავათი, დადგენილება 13 იანვარს გამოაქვეყნა. შესაბამისად, კომპანიებს სულ 2 კვირა ჰქონდათ სპეციალურ პლატფორმაზე დასარეგისტრირებლად. შეღავათის მიღებამდე რეგისტრირებული კომპანიები ჯერ საქსტატმა, შემოსავლების სამსახურმა უნდა გადაამოწმოს და საბოლოო გადაწყვეტილება შემდეგ მიიღონ.