მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირის ეკონომიკა უკვე რეცესიაშია, აშშ-ის კი 6 თვეში აღმოჩნდება - JPMorgan-ის CEO

634692c0664b7
გიორგი თოლორდავა
13.10.22 00:00
1041
მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის, JPMorgan Chase-ის გენერალური დირექტორის, ჯეიმი დაიმონის განცხადებით, მიმდინარე კრიზისის ფონზე, ევროკავშირის ეკონომიკა უკვე არის რეცესიულ მდგომარეობაში, დაახლოებით 6-9 თვეში კი აშშ-ის ეკონომიკაც იგივე ბედს გაიზიარებს.

„ომი, ენერგოკრიზისი, ინფლაცია და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა - ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომელმაც ევროკავშირი რეცესიამდე უკვე მიიყვანა. მოსალოდნელია, რომ დაახლოებით ექვს ან ცხრა თვეში აშშ-ის ეკონომიკაც რეცესიაში აღმოჩნდება“, - განაცხადა დაიმონმა.

JPMorgan-ის CEO-ს შეფასებით, დასავლეთის უმთავრესი პრიორიტეტი ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა იყოს და ამ მიმართულებით არა მხოლოდ სიმბოლური, არამედ რეალური ნაბიჯებიც უნდა გადაიდგას, რაც დასავლეთის მასშტაბით ნავთობისა და გაზის მოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გულისხმობს.

დაიმონი ფიქრობს, რომ OPEC-ზე დამოკიდებულებით აშშ საკუთარ ეროვნულ უსაფრთხოებას რისკავს, ევროკავშირი კი პირდაპირ რჩება რუსეთის მთავრობის კეთილგანწყობის იმედად, რადგან OPEC-ის პოლიტიკას სწორედ რუსეთი და საუდის არაბეთი წარმართავენ.

„ნავთობსა და გაზს საჭირო მოცულობით არ ვაწარმოებთ; ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ქმედით ნაბიჯებს არ ვდგამთ - ეს კრიტიკული მნიშვნელობის პრობლემებია. აშშ-ს ნავთობის უდიდესი მარაგები აქვს, ამ ბუნებრივ რესურსს შესაბამისად უნდა ვიყენებდეთ, საუდის არაბეთის იმედად არ უნდა ვიყოთ“, - ამბობს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის ხელმძღვანელი.