24.ნოემბერი .2022 13:07

პუტინი ერევანში ფაშინიანს და ОДКБ-ის ლიდერებს შეხვდა

პუტინი ერევანში ფაშინიანს და ОДКБ-ის ლიდერებს შეხვდა
views 705
უკან

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ერევანში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

სომხეთის დედაქალაქში პუტინის ვიზიტს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. ლიდერების შეხვედრის პარალელურად, ქალაქის ქუჩებში გამოსვლები და დემონსტრაციები მიმდინარეობდა, სადაც მოქალაქეები უკრაინის წინააღმდეგ ომს და ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის უმოქმედობას აპროტესტებდნენ.

ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით უკმაყოფილება ფაშინიანმაც საჯაროდაც გამოთქვა, შეხვედრის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე სომხეთის პრემიერმა განაცხადა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ) სომხეთისთვის სათანადო დახმარება და სამხედრო მხარდაჭერა არ გაუწევია, რის გამოც ქვეყნის მოსახლეობა და მთავრობა უკმაყოფილებას მკაფიოდ აფიქსირებს.

ცნობისთვის, ერევანი სწორედ აღნიშნული სამხედრო ალიანსის შეხვედრას მასპინძლობს, რომელშიც რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთია გაწევრიანებული.

ОДКБ-ს შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს აზერბაიჯანის სამხედრო აგრესიასთან დაკავშირებით რეზოლუცია უნდა მიეღოთ, თუმცა ფაშინიანმა დოკუმენტის ხელის მოწერაზე უარი განაცხადა, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნული რეზოლუცია სათანადოდ არ აფასებს კონფლიქტის გეოპოლიტიკურ ვითარებას და მოცემული ფორმით მისი რატიფიცირება ОДКБ-ს უმოქმედობას გაუსვამს ხაზს.