მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინი საქართველოში რეისების აკრძალვით დაზარალებული ავიაკომპანიებისთვის კომპენსაციის გადახდას არ აპირებს

5dd4f6fede70f
მიხეილ ხაჩიძე
20.11.19 22:36
1340

საქართველოში რეისების აკრძალვით დაზარალებული ექვსი რუსული ავიაკომპანია, იმ კომპენსაციის მიღების იმედს კარგავს, რომელსაც მათ ვლადიმერ პუტინი დაჰპირდა. როგორც რუსული გამოცემა "ვედომოსტი" ერთ-ერთი ავიაკომპანიის თანამშრომელზე დაყრდნობით იტყობინება, ბიუჯეტიდან თანხა ამ დრომდე არ გამოყოფილა და სამომავლოდაც მსგავსი რამ არ იგეგმება.



ამასთან, რუსული ავიაკომპანიების ზარალი, საქართველოში პირდაპირი რეისების აკრძალვიდან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, ზაფხულში დააწესეს, 3.2 მილიარდ რუბლს შეადგენს, რაც დაახლოებით 50 მლნ დოლარია.

რუსული მედიის ცნობით, ყველაზე მეტი ზარალი, კერძოდ, 1.2-1.3 მილიარდი რუბლი ავიაკომპანია Ural Airlines-ს მიადგა.

 

"აეროფლოტის" ზარალმა 700 მილიონი რუბლი (დაახლოებით 11 მლნ დოლარი) შეადგინა. "პაბედას’’ დანაკლისი 400 მილიონი რუბლით (6 მლნ დოლარი) განისაზღვრა, Red Wings-მა თითქმის 120 მილიონი რუბლი (თითქმის 2 მლნ დოლარი) დაკარგა, Smartavia-მ თითქმის 100 მილიონი რუბლით (1,5 მლნ დოლარი) იზარალა. ხოლო S7-ის ზარალმა 600 მილიონ რუბლს (9 მლნ დოლარს) მიაღწია.

 



შეგახსენებთ, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში პირდაპირი რეისების განხორციელება 8 ივლისიდან აუკრძალა და ტურ-ოპერატორებს ურჩია, ქვეყანაში სამოგზაურო ტურები გაეუქმებინათ. გადაწყვეტილება ოკუპანტი ქვეყნის მეთაურმა საქართველოში გამართული საპორტესტო აქციების შემდეგ მიიღო, რომელიც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის თბილისში ვიზიტს მოჰყვა.