მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ბანკებს დაავალა, "არ გაზარდონ" საპროცენტო განაკვეთები

621ce9810082f
შოთა ტყეშელაშვილი
28.02.22 19:28
4907
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომერციულ ბანკებს დაავალა, არ გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები იმ სესხებზე, რომლებიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის გაზრდამდე იყო გაცემული.

დღეს რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ინფლაციური მოლოდინების შეკავების მიზნით, რეფინანსირების განაკვეთის 9.5%-დან 20%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ცენტრალური ბანკი აცხადებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში მდგომარეობა “კარდინალურად შეიცვალა” და ამიტომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა აუცილებელია.

დღესვე რუსული რუბლი ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა, ამჟამად ერთი დოლარი 107 რუბლი ღირს, რაც მხოლოდ დღეს 28%-იან გაუფასურებას წარმოადგენს.

რუსული სახელმწიფო საინფორმაციო საშუალება TASS-ის თანახმად, ვლადიმერ პუტინი ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერს; ფინანსთა მინისტრს და ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. TASS-ის თანახმად, პუტის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე პუტინმა საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით გასცა დავალება.

„საბჭოს ეკონომიკურ საკითხებზე პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, რომ უზრუნველყოფილიყო ყველა საკრედიტო განაკვეთის შენარჩუნება, რაც მითითებულია მსესხებლების საკრედიტო ხელშეკრულებებში,” - განაცხადა პესკოვმა.

26 თებერვალს, აშშ, ევროპელი მოკავშირეები და კანადა შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში 24 თებერვალს დაწყებული ომის გამო, რუსეთის წამყვანი ბანკები ამოიღონ ბანკთაშორისი შეტყობინებების სისტემა SWIFT-დან. ასევე, ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება გაეყინა EU-ს ტერიტორიაზე რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო აშშ-მაც, რომელმაც დღეს სანქციების სია კიდევ გააფართოვა და რუსეთის ცენტრალური ბანკის გარდა, რუსეთის სახელმწიფო სუვერენული ფონდი და რუსეთის ფინანსთა სამინისტროც სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.

რუსეთში დღეს საფონდო ბირჟა დახურული იყო, ხოლო ლონდონის ბირჟაზე არსებული რუსული კომპანიების აქციების ღირებულება მკვეთად დაეცა. მაგალითად, Sberbank-ის აქციების საფასური 69%-ით; Lukoil-ის 54%-ით; Rosneft-ის კი 45%-ით გაუფასურდა. ამ მასშტაბის ვარდნაა, მოსალოდნელი უშუალოდ მოსკოვის საფონდო ბირჟაზეც, რომელიც ხვალ უნდა გაიხსნას.