მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა ლიზინგით აღებული თვითმფრინავების რეგისტრაციის კანონს მოაწერა ხელი

622f384a99563
ვიქტორია მღებრიშვილი
14.03.22 16:46
8334
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამოქალაქო ავიაციის ხელშეწყობის კანონს მოაწერა ხელი, რომელიც რუსულ კომპანიებში ლიზინგით აღებული უცხოური თვითმფრინავების რეგისტრირების უფლებას და მათზე ფრენის ვადიანობის სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობას იძლევა. გამოცემა Tass-ის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი ოფიციალურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

მათივე ცნობით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო კოდექსსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შეტანილი ცვლილებები, რუსეთის ავიაკომპანიებს უცხოური საფრენი ხომალდების პარკის შენარჩუნების და მათი შიდა ავიახაზებზე ექსპლუატაციის საშუალებას იძლევა. სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სერტიფიცირება, სერტიფიცირების ცენტრებისა და გამოსაცდელი ლაბორატორიების ჩართულობით განხორციელდება, რომლის მიმართაც მოთხოვნებს ტრანსპორტის სამინისტრო განსაზღვრავს.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონი სანქციების წინააღმდეგ მიღებული ზომების ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სფეროში შეუფერხებელი ოპერირების უზრუნველსაყოფად, რუსეთის ფედერაციაში საჰაერო ხომალდების ექსპლოატანტების მიერ უცხოური თვითმფრინავების პარკის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

კანონი ასევე სატრანსპორტო უსაფრთხოების სერტიფიცირების ტექნიკური საშუალებების უზრუნველყოფის ვადის 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გადადებას ითვალისწინებს, რაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სუბიექტებს სერტიფიკაციის პროცედურისთვის საჭირო ფინანსური თანხების გადანაწილების საშუალებას აძლევს.

ცნობისთვის: Reuters-ის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანიების ანგარიშშზე 332 ბოინგი და 304 ეარბასია. ავიაციის ექსპერტების განცხადებით, იმ შემთხვევაში კი თუ ავიაკომპანიები ნაწილებს ქვეყნის გარეთ მოიპოვებენ, მათ გაუჭირდებათ ფულის გადახდა, რადგან რუსეთის ზოგიერთი ბანკი SWIFT-ის სისტემიდან არის გათიშული.