მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა "გაზპრომს" რუბლში გადახდის სისტემის ამოქმედება დაავალა

623dc06b90042
მარიამ ვარადაშვილი
25.03.22 17:13
1273
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო გაზის კომპანია "გაზპრომს" დაავალა რუბლში გადახდის სისტემა აამოქმედოს. ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რუსეთი ევროკავშირის გაზით მომარაგებას თუ მისი წევრი ქვეყნები რუბლში გადახდაზე უარი იტყვიან, პესკოვმა თქვა, რომ "გაზპრომმა" პუტინისგან რუბლში გადახდაზე მიიღო ინსტრუქცია.

მისივე თქმით, ერთი კვირის განმავლობაში სახელმწიფო კომპანიამ გადახდის ეს სისტემა ტექნიკურად უნდა გამართოს.

პუტინმა "არამეგობრულ ქვეყნებს" გაზის საფასურის რუბლში გადახდა მიმდინარე კვირაში მოსთხოვა. კერძოდ, რუსეთი აცხადებს, რომ მათგან გაზი ამ ქვეყნებმა რუსული ვალუტით უნდა შეიძინონ.

პუტინის განცხადებითვე, რუსეთი ბუნებრივი გაზის მიწოდებას შეთანხმებული ფასითა და მოცულობით აგრძელებს და ცვლილება მხოლოდ ვალუტას შეეხება. ამ განცხადებიდან მალევე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის ქვეყანებს მოუწოდა რუსეთს გაზისა და ნავთობის საფასური რუბლში არ გადაუხადონ.