მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პუტინმა უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ შეჩერების პირობები დაასახელა

6224b49a7522b
ვიქტორია მღებრიშვილი
06.03.22 17:26
4357
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის "სამხედრო ოპერაციის" შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კიევი სამხედრო მოქმედებებს შეაჩერებს და მოსკოვის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა კონფლიქტის დარეგულირების მიზნით, უკრაინის ხელისუფლებასა და სხვა ქვეყნების პარტნიორებთან დიალოგისთვის მზაობა დაადასტურა.

„ამასთან ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ უკრაინული ძალების მიერ მოლაპარაკების პროცესის გაჭიანურების ნებისმიერი მცდელობა უპერსპექტივოა და ის საკუთარი ძალებისა და რესურსების გადაჯგუფებისთვის გამოიყენება. ამასთან დაკავშირებით, ხაზგასმული იყო, რომ სპეცოპერაციის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ კიევი შეწყვეტს სამხედრო მოქმედებებს და რუსეთის კარგად ცნობილ მოთხოვნებს შეასრულებს“, - იუწყება კრემლი.

„გამოითქვა იმედი, რომ მოლაპარაკებების მორიგი დაგეგმილი რაუნდის პირობებში უკრაინის წარმომადგენლები, დღეს შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მეტად კონსტრუქციულ მიდგომებს გამოავლენენ“, - აღნიშნეს კრემლის პრესსამსახურში.

უწყების ცნობით, ვლადიმერ პუტინმა ერდოღანს დონბასზე სპეციალური სამხედრო მოქმედებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რუსეთის პრეზიდენტის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე და უსაფრთხოება დაცული იყოს, წერტილოვანი დარტყმები კი მხოლოდ სამხედრო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე ხორციელდება.

„ამ ფონზე განსაკუთრებული სიხისტით და ცინიზმით გამოირჩევა ნაციონალისტებისა და ნეონაცისტური ფორმირებების ქმედებები, რომლებიც უკრაინული ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას, მათ შორის უცხოელებს, რომლებიც ფაქტობრივად ტყვედ ჰყავთ აყვანილი, როგორც ცოცხალ ფარს ისე იყენებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.