25.მარტი .2020 22:01

ქადაგიძე: "5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ჩანს"

views 42646
უკან

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, ამის შესახებ "ფეისბუქში" სტატუსს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აქვეყნებს: 

"1. ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბროძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის.

2. 2008 წლის კრიზისთან შედარებით განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ - 2 ტრილიონი, ევროკავშირი -1 ტრილიონი, ბრიტანეთი 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი ინიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას.

3. საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება).

4. საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობის და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს ასევე ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები ისე იყო მანამდეც შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია.

5. მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში.

მოკლედ, ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს.

პ.ს. სოციალურ პასუხისგებლობაზე შემდეგ პოსტში", - წერს ქადაგიძე.