მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქადაგიძე: საბანკო სექტორს არასდროს აკლდა ლობისტები ხელისუფლებაში

5ea707e554b17
თელარა გელანტია
27.04.20 23:00
1868
„საბანკო სექტორს, ისევე როგორც მსხვილ ბიზნესს, არასდროს აკლდა ლობისტები ხელისუფლებაში. არცერთი მთავრობის დროს, არც საბანკო სექტორს და არც მსხვილ ბიზნესს არ უჭირდა მთავრობასთან საკუთარი ინტერესების ლობირება”, - ასე უპასუხა სებ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ bm.ge-ის კითხვას იმის თაობაზე, რომ დღეს პანდემიის გამო შექმნილ ვითარებიდან გამომდინარე, ბანკებიც ითხოვენ მხარდაჭერას, კერძოდ, მათ სჭირდებათ ლარის რესურსი, რომ დააკრედიტონ ეკონომიკა.

გიორგი ქადაგიძე ამბობს, რომ ვისაც საკუთარი ინტერესების ლობირება უჭირდა, ახლაც უჭირს და „ვისი ხმაც არ ისმის“, ეს მცირე და საშუალო ბიზნესია.

„გაცილებით მტკივნეულია იმ ბიზნესის გაკოტრება, რომლის უკანაც არის იპოთეკით დატვირთული მფლობელის სახლი, რადგან მისთვის გაკოტრება არა - არასწორი გადაწყვეტილების მიღებას ნიშნავს, არამედ პირადი ქონების დაკარგვას და პირად პასუხისმგებლობას. მისთვის ეს გაცილებით მტკივნეულია, ვიდრე მსხვილი ბიზნესისთვის, რომელსაც შარშან ჰქონდა 500 მლნ მოგება, წელს ექნება 500 მლნ-ის ზარალი და მომავალ წელს ისევ 500 მლნ-ის მოგება, ამიტომ თუ ვსაუბრობთ იმაზე, ვის სჭირდება დახმარება, ის პირველ რიგში სჭირდება მცირე და საშულო ბიზნესს, ადამიანებს, ვინც დაკარგა სამსახური, ხოლო მსხვილ ბიზნესს სჭირდება პარტნირობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს როგორც საბანკო სექტორს, ასევე, ყველა სხვა სექტორს, რომელიც ხშირად გვევლინება ხოლმე ბიზნესის სახედ, ყველაზე უფრო ნაკლებად შეიძლება დაეტყოთ ის კრიზისი, რისი მომსწრეც ვართ”, - აცხადებს ქადაგიძე.

- თქვენ ამბობთ, რომ კომერციულ ბანკებს თუ სჭირდებათ ლარის რესურსი, ისინი მოითხოვენ და მიიღებენ?

- რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება არც ვიცოდეთ ამის შესახებ. მივლენ, გაიმართება საჭიროების შემთხვევაში კვირაში ათობით შეხვედრა...

- თქვენს დროსაც ასე იყო?

- რა თქმა უნდა, ასე იყო სანამ მე ვიყავი ამ პროცესებში ჩართული და ასე იქნება ყოველთვის; მსხვილ ბიზესს აქვს საკმარისი ლობისტური პოტენციალი, შესაძლებლობაც და არასდროს, ერთეული გამონაკლისების გარდა, არ უჭირდა ხელისუფლებებთან ურთიერთობა, არც - საქართველოში და არც ახლა. ვიმეორებ, ვისაც უჭირს მთავრობებთან ურთიერთობა ესაა წვრილი და საშუალო ბიზნესი და მანდაა ყველაზე მეტი გამოწვევები.