20.სექტემბერი .2019 00:30

ქალაქი გუმბათის ქვეშ - დუბაიში "ექსპო 2020"-ის გრანდიოზული გუმბათის მშენებლობა დასრულებულია

views 460
უკან

"ექსპო 2020"-სთვის, დუბაიში, გიგანტური მოლის გუმბათის მშენებლობა დასრულებულია. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, 800–ტონიანი გუმბათის მშენებლობა დათქმულ დროზე ადრე დამთავრდა.

ორგანიზატორების განცხადებით, გუმბათი ქალაქის ახალი ტურისტული პლატფორმა გახდება. ნაგებობას 360–გრადუსიანი ხედი აქვს, მის მშენებლობაზე 800 ინჟინერი და ტექნიკური სპეციალისტი მუშაობდა. პროექტის ავტორებისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების მაღალჩინოსნები იმედოვნებენ, რომ გუმბათი სახელმწიფოს ახალ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
 
"World Expo 2020 დუბაი" პირველი გლობალური გამოფენა იქნება შუა აღმოსავლეთში, აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. სავარაუდოდ, მასშტაბურ ღონისძიებას 25 მილიონი ადამიანი ეწვევა. გამოფენა ემირატებში მომავალი წლის 20 ოქტომბერს გაიხსნება.

დუბაი ელოდება, რომ "ექსპო 2020"-ის ჩატარება უძრავი ქონების ბაზარს სერიოზულ აღორძინებას მოუტანს და მთლიან ეკონომიკაზე გავლენას მოახდენს, რომლის ზრდაც ბოლო წლებში შენელდა. გასულ წელს დუბაის ეკონომიკა მხოლოდ 1.94%-ით გაიზარდა. ეს კი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლიდან. ხელისუფლება ელის, რომ World Expo 2020-ის ფარგლებში 23 მილიარდ აშშ დოლარს გამოიმუშავებს.