მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ - კალაძე

625d47d95f2f3
BM.GE
18.04.22 15:10
3203
თბილისი მერი კახა კალაძე სამშენებლო კომპანია „მონუმენტმშენს“ მიმართავს, ამაღლების ქუჩაზე მშენებარე ობიექტი უმოკლეს ხანებში მოიყვანოს შეთანხმებულ პროექტთან შესაბამისობაში.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გვაქვს შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ უბნებში დღესაც არის უკანონო მშენებლობები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. მინდა, კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: სანამ მე ამ ქალაქის მერი ვარ, სანამ ვხელმძღვანელობ თბილისის მთავრობას, ჩემს თანამშრომლებთან ერთად, არასდროს დავუშვებთ უკანონო მშენებლობას. არ დავუხრით თავს არცერთ ასეთ ფაქტს, რომელიც იქნება გამოვლენილი.

გვაქვს კონკრეტული შემთხვევა ისტორიულ ზონაში, ამაღლების ქუჩაზე, სადაც ერთ-ერთი მშენებლობის დროს გამოვლინდა სართულის უკანონოდ დაშენება. სამუშაოებს აწარმოებს კომპანია „მონუმენტმშენი“. არ ვიცი, ამ ადამიანებს რა დამოკიდებულება აქვთ ქალაქთან მიმართებაში. ცხადია, როდესაც ასეთ გადაწყვეტილებას იღებ და უკანონოდ ახორციელებ მშენებლობას, ამახინჯებ შეთანხმებულ პროექტს და ერთ სართულს კიდევ ამატებ, არ მინდა, ვინმემ იფიქროს, რომ ვიღაცას ეს გაუვა ან ვინმე გაუტარებს. ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი რეაგირება. მივიღებთ ყველანაირ შესაბამის ზომებს. შეიძლება, ეს იყოს ყველასთვის საჩვენებელი, თუ ჩემს მიერ დასახელებული კომპანია ძალიან მალე არ მოაწესრიგებს არსებულ მშენებლობას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სამშენებლო ობიექტს კანონთან შესაბამისობაში არ მოიყვანს, ამ ყველაფერს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამას მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ ის რეაქცია, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ბოლომდე ჩავყვებით. პირადად ვიქნები დაინტერესებული, რომ სამაგილოთოდ დაისაჯოს ეს კომპანია და კონკრეტული ადამიანები. მოუწევთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, თუ ეს შენობა-ნაგებობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტი ითვალისწინებდა ორდონიან შენობას, რომლის სართულიანობა ხუთი და ექვსი იყო, თუმცა, კომპანიამ კიდევ ერთი სართული დააშენა.

„ჩვენი სამსახურების მხრიდან ამას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება, გამოწერილია აქტი და კომპანიას მიეცა გაფრთხილება, რომ უმოკლეს ვადაში მოხდეს სართულის დემონტაჟი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალური ინსპეციის ხელმძღვანელს კახა გულედანს მიმართა, ყოველდღიურ რეჟიმში განახორციელოს მონიტორინგი და ჰქონდეს კომუნიკაცია მშენებელ კომპანიასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი.

„არავის დასჯას არ მივესალმები, მაგრამ ქალაქის აოხრებას და არასწორ ურბანულ განვითარებას არავის ვაპატიებთ. ჩვენ სწორედ იმიტომ აგვირჩია ხალხმა და იმიტომ გვაქვს ამხელა მხარდაჭერა, რომ ჩვენი ერთ-ერთი დაპირება სწორედ ქალაქის სწორი ურბანული განვითარება იყო. არავის გვსიამოვნებს ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა ამ ქალაქში, თუ როგორ დაამახინჯეს კონკრეტული არეალები კონკრეტულ რაიონებში. ამის გაგრძელება კატეგორიულად მიუღებელია. შესაბამისად, ასეთ ფაქტებზე იქნება ძალიან მკაცრი რეაგირება. ჩვენ გასულ წელს გამოვაცხადეთ ამნისტია. ასე ვთქვათ მასშტაბური პატიება, რადგან შეუძლებელი იყო ამ დარღვევების გამოსწორება და უკანონოდ აშენებული ფართებიდან ხალხის გამოსახლება. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ საქართველოს პარლამენტთან ერთად, ამავე დროს დავაწესეთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, რომ მოგვეხდინა ასეთი დარღვევების პრევენცია. ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ამ კომპანიას, რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს არსებული სივრცის დემონტაჟი და მშენებლობა მოიყვანოს პროექტთან შესაბამისობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.