მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები - კვლევა

605a2d0a7e13d
BM.GE
23.03.21 23:20
1103
კვლევა „ქალები ბიზნესში: შესაძლებლობები და პანდემიის გამოწვევები“ პროექტის „შესაძლებლობები ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის“ ფარგლებში განხორციელდა, რომელიც მხარდაჭერილია ბრიტანეთის საელჩოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ. პროექტს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) ახორციელებს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ქალი მეწარმეების ეკონომიკურ გაძლიერებას.

პროექტის ფარგლებში შექმნილია საინფორმაციო-საგანმანათლებლო ვებ-რესურსი www.womenpower.ge, ასევე ხდება ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, ბიზნესში ჩართული ქალების ცნობადობის ამაღლება, კერძო-საჯარო დიალოგის ხელშეწყობა ქალი მეწარმეების მხარდამჭერი პოლიტიკის გასატარებლად.
კვლევა მოიცავს კანონმდებლობისა და სტატისტიკის ანალიზს, ასევე ქალ მეწარმეთა გამოკითხვის შედეგებს.

გამოკითხვა ჩატარდა 2020 წლის ნოემბერში კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-საქართველოს) მიერ; გამოკითხულია საქართველოს მასშტაბით 331 მეწარმე ქალი, მათ შორის თბილისში – 96, რეგიონებში – 235. გამოკითხვა ჩატარდა ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარით.
კვლევის შედეგები საჯარო-კერძო დიალოგის ფორმატში 23-24 და 25 მარტს განხილული იქნება საქართველოს მთავრობის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქვემო ქართლის რეგიონის თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

ქვემოთ გთავაზობთ კვლევის მიგნებებისა და რეკომენდაციების ნაწილს:
კვლევის მიგნებები
ბიზნეს-გარემო
■ ბიზნეს სექტორში დასაქმებული ქალების თანაფარდობა კაცებთან მიმართებაში 40-60 პროცენტზეა. კაცების ანაზღაურება ბიზნეს სექტორში საშუალოდ 515 ლარით მეტია ქალების შემოსავალზე და 1380.5 ლარს შეადგენს. ყველაზე დიდი განსხვავება (613 ლარი) ანაზღაურებას შორის ფიქსირდება საშუალო ზომის საწარმოებში დასაქმებულებს შორის.
■ 2019 წელს რეგისტრირებულ საწარმოთა მხოლოდ 29 პროცენტი იყო ქალის მფლობელობაში, რაც 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ორი პროცენტით ნაკლებია. ამასთან, ბიზნესმენ ქალებში მნიშვნელოვნად ჭარბობს მცირე და მიკრო ბიზნესის წილი;
● გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალგაზრდა დამწყები მეწარმეები ნაკლებად არიან ჩართული ბიზნესში; თბილისსა და რეგიონებს შორის რესურსები და შესაძლებლობები არათანაბრად არის გადანაწილებული; 31 წლამდე ახალგაზრდების ნაკლები დაინტერესება ბიზნესით ახალგაზრდა გოგონების სიღარიბის ერთ-ერთი გამოხატულებაა.
●ბიზნესის დაწყებისას ყველაზე მნიშვნელოვან მოტივატორად დასახელდა საკუთარი საქმის ქონის სურვილი, საკუთარი შემოსავლის გაჩენა და ასევე შვილების უზრუნველყოფა;
● ბიზნესის დაწყების მთავარი დაბრკოლებები – გამოკითხულთა 36 პროცენტს არ გააჩნდა საკმარისი ფინანსები, 11 პროცენტს არ ჰქონდა მართვის გამოცდილება და 6 პროცენტს საქმიანი და საოჯახო ცხოვრების შეთავსება უჭირდა ერთმანეთთან. რეგიონულ ჭრილში განსხვავებები მხოლოდ არასაკმარისი ფინანსების ნაწილში გამოიკვეთა, კერძოდ რეგიონებში 39,2 პროცენტმა დაასახელა ეს პრობლემა, ხოლო ქალაქში 31.5 პროცენტმა. ამასთან, საქართველოში საკუთრებას ქალები უფრო ნაკლებად ფლობენ, ვიდრე მამაკაცები, ასევე მათ უწევთ აუნაზღაურებელი შრომა შინ, რომელიც გენდერული როლებიდან და სტერეოტიპებიდან გამომდინარეობს და შესაბამისად, უფრო მეტად ართულებს ქალების ბიზნეს საქმიანობას.
● გამოკითხული მეწარმე ქალები სამეწარმეო საქმიანობის საწყის ეტაპზე სამ ძირითად ხელშემწყობ ფაქტორად ასახელებენ თავდაჯერებულობას (49 პროცენტი), მართვის უნარების ფლობას (23 პროცენტი) და ოჯახის სხვა წევრების დახმარების საოჯახო საქმიანობაში (19 პროცენტი).
● გამოკითხულ ქალთა 69 პროცენტს ბიზნესის გაფართოება არ უცდია. ხოლო ვინც გაფართოება სცადა, იმ 30-მა პროცენტმა, უმეტესად (49%) ამისათვის ბანკს მიმართა. მათგან 11 პროცენტმა უარი მიიღო განაცხადზე, რის მიზეზად უმეტესად ცუდი საკრედიტო ისტორია დაუსახელეს. ამასთან ქონებით არასაკმარისი უზრუნველყოფა დასახელდა მეორე ყველაზე დიდ მიზეზად სესხის განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას.
● სახელმწიფო პროგრამებიდან ბიზნესის გაფართოების მცდელობა ჰქონდა გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტს. აქედან 20 პროცენტს უთხრეს უარი და ყველა შემთხვევაში რესპონდენტებს არავინ მიაწოდა ინფორმაცია უარის მიზეზზე.
● ბიზნესის გაფართოების სურვილის დეფიციტი შესაძლოა ნაწილობრივ აიხსნას იდეებითა და ბიზნესშესაძლებლობების, სიახლეების შესახებ ინფორმაციის ცოდნის დეფიციტით. ხშირ შემთხვევაში ბიზნესმენ ქალებს არ აქვთ ცოდნა იმის შესახებ, როგორ შეიძლება მათი ბიზნესი მომავალში უფრო გაფართოვდეს. კოვიდ პანდემიის გავლენა
პანდემიის გავლენა
● გამოკითხულთა 63 პროცენტი აღნიშნავს, რომ პანდემიის გამო მათ დროებით შეაჩერეს საქმიანობა, მაგრამ აღადგინეს ან აპირებენ აღდგენას. ბიზნესის შეწყვეტის ძირითად მიზეზად მთავრობის მიერ დაწესებული რეგულაციები სახელდებოდა, თუმცა ქალი მეწარმეების 30 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაყიდვების შემცირების გამო მოუწიათ საქმიანობის შეჩერება.
● რესპონდენტების 42 პროცენტი აღნიშნავს, რომ მათი ბიზნესის შემოსავალი 50 და 100 პროცენტამდე შემცირდა. მხოლოდ 21 პროცენტი აღნიშნავს, რომ შეამცირეს თანამშრომელთა რაოდენობა.
● მეწარმეების უმეტესობა, განსაკუთრებით თბილისში, აღნიშნავს, რომ აქვს პანდემიასთან თანმდევი სტრესი, ასევე ყველაზე დიდი დისკომფორტი მათთვის სკოლების და ბაღების დახურვა იყო, რაც მოვლითი შრომის საათების გაზრდას ნიშნავს. თბილისში მცხოვრებმა ქალმა მეწარმეებმა ასევე აღნიშნეს, რომ უარყოფითად იმოქმედა მათზე, როგორც მეწარმეზე, დღის ცენტრების დახურვამ შშმ პირებისთვის, რაც შესაძლოა მეტყველებდეს იმ ფაქტზე, რომ რეგიონებში ნაკლებად არსებობს შშმ პირებისთვის მსგავსი ცენტრები.
● სახელმწიფოს დახმარებები ბიზნესისთვის – სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები ბიზნესისთვის ხელშეწყობის მიზნით არაერთგვაროვნად შეფასდა: რესპონდენტთა 47 პროცენტმა აღნიშნა, რომ გატარებული ღონისძიებები სრულიად ან ნაწილობრივ ეფექტური იყო, ხოლო 42 პროცენტი ამბობს, რომ ისინი სრულიად ან ნაწილობრივ არაეფექტური იყო.
● მოლოდინები სახელმწიფოსგან – გამოკითხულთა 58 პროცენტმა მოკლევადიანი ფულადი დახმარების საჭიროება დაასახელა, ასევე დასახელდა კომუნალურ გადასახადებზე შეღავათები და ფასების კონტროლი.
● ბიზნეს-ოპტიმიზმი – გამოკითხულთა 65 პროცენტი თვლის, რომ მომდევნო თვეების განმავლობაში მას არ მოუწევს საქმიანობის შეჩერება. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია რეგიონებში (72 პროცენტი), რაც საგრძნობლად აღემატება თბილისის მონაცემებს (55 პროცენტი)


რეკომენდაციები
რეკომენდაციების სამიზნე ჯგუფებია სახელმწიფო, რეგიონული ხელისუფლება და საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციები. რეკომენდაციებს შორისაა:
● შესაბამისი სახელმწიფო უწყებების ჩართულობით მოხდეს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, რაც მათ შორის გულისხმობს სავალდებულო გენდერული ანალიზის შემოღებას საჯარო პოლიტიკის შემუშავების პროცესში; მოხდეს რამდენიმე საერთაშორისო შრომითი ხელშეკრულების რატიფიკაცია, გენდერული ბიუჯეტირების დანერგვა, გენდერულად სენსიტიური სწავლების დანერგვა, ცნობიერების ამაღლების კამპანიები, მათ შორის კაცების ჩართულობით, სახელმწიფო პროგრამებში ქალების ჩართულობის მეტ ხელშეწყობას და ა.შ.
● პოლიტიკის დოკუმენტებში შევიდეს ცვლილება, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ქალებისთვის უფასო იურიდიული დახმარება მიწის საკუთრებისა და რეგისტრაციის საკითხებზე; განსაკუთრებული აქცენტი სოფლად მცხოვრებ ქალებზე უნდა გაკეთდეს.
● შემუშავდეს ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც დაეხმარება ქალ მეწარმეებსა და პოტენციურ ქალ მეწარმეებს სწორად და ინფორმირებულად შეარჩიონ წარმოების სფერო;
● ბიზნესის წარმოება/სამეწარმეო საქმიანობა გახდეს ფორმალური განათლების ნაწილი;
● დაიგეგმოს და განხორციელდეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული კამპანიები საოჯახო შრომის გადანაწილების შესახებ, მათ შორის ოჯახის კაცი წევრების ჩართულობით.
● სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოკვეთოს მოვლასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის (საბავ¬შვო ბაღები, ხანდაზმული და შშმ პირების ხელშემწყობი პროგრამები, სარეაბილიტაციო ცენტრები როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრულებისთვის და ა.შ.) შექმნა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ შორის ქალ მეწარმეებს. მათ შორის - სოფლის ტიპის დასახლებებში.
● შეიქმნას და განვითარდეს ქალი მეწარმეების ქსელები;
● ქალების, მათ შორის მეწარმე ქალებისა და ქალების მფლობელობაში არსებული ბიზნესის განსაკუთრებული საჭიროებები აისახოს პანდემიის დროს შემუშავებულ სახელმწიფო დახმარების პროგრამებში.
● შეიქმნას ბიზნესისთვის პროგნოზირებადი გარემო, მათ შორის კოვიდ19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს ბიზნეს სექტორს.
● შემუშავდეს ტექნიკური დახმარების პროგრამები, რომელიც დაეხმარება ქალ მეწარმეებს გაყიდვების ახალი გზებისა და ახალი ბაზრების მოძიების მიმართულებით, ასევე დანერგავენ და/ან განავითარებენ ონლაინ გაყიდვისა და მიტანის სერვისებს და სხვა.

კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/319Ygdm