04.მაისი .2021 17:14

ქალების როლი ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტში

ქალების როლი ადამიანური რესურსების (HR) მენეჯმენტში
views 288
უკან

კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული HR დეპარტამენტი ბიზნესის წარმატების მნიშვნელოვან გარანტად შეგვიძლია მივიჩნიოთ, რადგან სწორედ მისი პასუხისმგებლობაა ორგანიზაციის მომარაგება მოტივირებული პროფესიონალებით, რომლებიც, თავის მხრივ, კომპანიისკენ მიმართავენ საკუთარ რესურსს (დროს, ენერგიას, ინტელექტს, პროფესიულ უნარ-ჩვევებს და სხვ.). ფაქტია, რომ აღნიშნულ სფეროში დასაქმებულთა შორის, 67%-ით, სწორედ ქალები ჭარბობენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, სათანადოდ შევაფასოთ მათი როლი ადამიანური რესურსების მართვაში და გავიაზროთ მიზეზები, რის გამოც კომპანიები უპირატესობას სწორედ ქალებს ანიჭებენ.

სოციალიზაციის უნარი

ქალებს მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული კომუნიკაციის უნარი, აღნიშნული მიზეზით სამსახურის მაძიებლების ნდობის მოპოვებას იოლად ახერხებენ და პოტენციური თანამშრომლებიც აღებენ „ფანჯარას,“ რომლითაც HR მენეჯერმა (მათ შესახებ) ინფორმაცია უნდა შეაგროვოს: ძლიერი და სუსტი მხარეები, სამსახურებში დაგროვებული გამოცდილება; პიროვნული თვისებები, რომლებიც აუცილებლად აისახება საქმის ხარისხზე; მიზნები, მომავლის ხედვა და ორგანიზაციული კულტურის მიღების მზაობა.

აზრის ვერბალურად გადმოცემის დახვეწილი უნარი კიდევ ერთი ბონუსია, რომელიც კადრების განყოფილების ქალ თანამშრომლებს შეუცვლელს ხდის. HR სპეციალისტს უნდა შეეძლოს „სამიზნემდე“ მთავარი მესიჯების მიტანა და, გასაუბრების ფარგლებში, დაინტერესებული პირისთვის ყველა დეტალის საფუძვლიანად ახსნა, რათა კანდიდატი სრულად იყოს ინფორმირებული ვაკანსიისა და ორგანიზაციის მოლოდინების შესახებ.

სოციალიზაციის უნარი, გარდა კადრების აყვანისა, HR სპეციალისტებსა და მენეჯერებს ეხმარებათ სხვა ფუნქციების შესრულებაშიც: ტრენინგების ჩატარება და დაქირავებულთა პერსონალურ განვითარებაზე ზრუნვა, შიდა კომუნიკაციის უზრუნველყოფა, თანამშრომლების კვლევა, მათი ქცევის შეფასება, უკუკავშირის მიღება და ა.შ.

ემოციური ინტელექტი - უმოკლესი გზა სხვასთან მისასვლელად

ემოციური ინტელექტი არის უნარი, რომელიც უზრუნველყოფს საკუთარი ემოციების გარჩევას, შეცნობას, სისტემატიზაციასა და, საუკეთესო შემთხვევაში, კონტროლს. ლოგიკურად, ემოციური ინტელექტი გვეხმარება სხვების ქცევების, გრძნობებისა და განცდების გაანალიზებაში; ამასთან ერთად, ამარტივებს ვარაუდის გამოთქმას, თუ როგორ ქცევას გამოავლენს სხვადასხვა სიტუაციაში კონკრეტული ადამიანი. ემოციური ინტელექტი, ასევე, გვიბიძგებს რელევანტური ნაბიჯების გადადგმისკენ, რათა ვიქონიოთ გავლენა ადამიანებზე (ამ შემთხვევაში პოტენციურ ან არსებულ თანამშრომლებზე) იმდენად, რამდენადაც მათ და საერთო მიზანს ესაჭიროება ჩარევა - დადებითი თუ უარყოფით მოტივაციის ეფექტით.

გამოკითხულ თანამშრომელთა (ორივე სქესი) 90% მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტით ქალები მამაკაცებს უსწრებენ, რაც ერთი მხრივ, განპირობებულია ბიოლოგიური (ფაქტორებით) მოცემულობით, მეორე მხრივ, კულტურული თავისებურებებითა და სტერეოტიპებით.
უდავოა, რომ HR სპეციალისტს უნდა ჰქონდეს მაღალი ემოციური ინტელექტი, ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება რომ შეძლოს, სწორედ ამიტომ კომპანიები ქალებს ანიჭებენ უპირატესობას.


დელეგირება, როგორც სიბრძნე ცხრა ძმასა და თხილის გულზე

თუ Gallup-ის 40 წლიან კვლევას დავეყრდნობით, შეგვიძლია ქალები უკეთეს მენეჯერებად განვიხილოთ, ვიდრე მამაკაცები. მამრობითი სქესისს მამოძრავებელი ძალა, უმეტესწილად, კონკურენციაა. კონკურენციის პირობებში კი კაცები ცდილობენ გაიმყარონ პოზიციები, წარმოაჩინონ, რამდენად წარმატებულები არიან და იზრუნონ დაწინაურებული პოზიციის შენარჩუნებაზე.

მაშინ, როცა ქალი ლიდერი ორიენტირებულია გუნდის თითოეულ წევრზე, რათა მისცეს ასპარეზი თავის გამოსავლენად და ეხმარება როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიულ წინსვლაში. გამოკითხული თანამშრომლები ამბობენ, რომ მუშაობა გაცილებით უფრო სასიამოვნოა ქალ ხელმძღვანელებთან ერთად, რადგან ისინი ავლენენ უშუალო, მეგობრულ დამოკიდებულებას.

საყურადღებოა დელეგირების საკითხიც: ქალს შეუძლია იხელმძღვანელოს პრინციპით - „ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო,“ და ძალაუფლება გაანაწილოს თანამშრომლებში.

მენეჯმენტის ფარგლებში ქალი HR-ები წარმატებით ართმევენ თავს ისეთ მოვალეობებს, როგორიცაა: ადმინისტრირება, ანაზღაურების საკითხის შეთანხმება და შესრულების კონტროლი, სტრატეგიული ღონისძიებების ორგანიზება (მათ შორის აქტივობები გუნდური სულისკვეთების ასამაღლებლად), ადამიანური რესურსების მართვის სტრატეგიის შემუშავება და კვლევებში დაფიქსირებული ხარვეზების აღმოფხვრა მენეჯმენტურად გამართლებული ნაბიჯებით.

დასკვნის ნაცვლად

ქალების როლი ადამიანური რესურსების მართვაში, უდავოდ, ხაზგასასმელია. უფრო მეტიც, ისინი კომპანიაში შეუცვლელი, გამწევი ლოკომოტივის როლს ასრულებენ. ქალების თანდაყოლილი თუ შეძენილი ემოციური ინტელექტისა და სოციალიზაციის უნარის გათვალისწინებით - რომელსაც ხშირ შემთხვევაში თან ერთვის ბრწყინვალე მენეჯერული თვისებები - გასაკვირი არ არს, რომ HR სექტორის აწმყო და მომავალი სწორედ მათ ხელშია.




(R)