მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქაოსი და ანტისანიტარია ავტოსადგურებზე - კანონპროექტი, რომელიც წლებია ვერ დაამტკიცეს

5e4c015778b21
სალომე მეცხვარიშვილი
18.02.20 19:35
1269
ქაოსი და ანტისანიტარია, - ეს არის პირველი, რასაც დედაქალაქში ნებისმიერ ავტოსადგურზე შესვლისთანავე, მგზავრი გრძნობს. მოქალაქეებს და ტურისტებს უჭირთ სასურველ მარშრუტს მიაგნონ, რადგან ადგილზე ინფრასტრუქტურა გამართული არ არის, არ არის გაკრული მანიშნებლები, რომელიც ყველა მარშრუტზე მიაწვდის ინფორმაციას მომხმარებელს.

“ქუთაისი გადის”, “ბორჯომი გავიდა”, - მძღოლების შეძახილებს ავტოსადგომზე ყველგან გაიგონებთ. სასურველ ავტომობილამდე მისვლაში მგზავრებს სწორედ ეს შეძახილები “ეხმარებიან”.

ავტოსადგომზე გზის გაგნება ადგილობრივებთან ერთად განსაკუთრებულად უჭირთ ტურისტებს, რომლებიც ტუროპერატორების მომსახურებით არ სარგებლობენ და ინდივიდუალურად გეგმავენ საკუთარ მოგზაურობას. მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ხელს უშლის საქალაქთაშორისო გადაყვანებით დაკავებულ კომპანიებსაც, რომლებსაც ბილეთების ონლაინ ყიდვის სერვისიც და მოწესრიგებული ინფრასტრუქტრაც აქვთ. სექტორი რეგულაციების მოლოდინშია და ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიღება, ბიზნესის უკეთ დაგეგმვისა და გაფართოების შესაძლებლობასაც მისცემს.

“ამ რეგულაციების არარსებობა, შესაბამისად, მოუწესრიგებელი და ქაოტური სიტუაცია, ქმნის პრობელმას და ალბათ ნებისმიერი სატრანსპორო კომპანიას შეუქმნის პრობლემას, რომ განვითარების გეგმაზე იმუშაოს. თუმცა, ეს არის ამ წუთას რეალობა. უკეთესის იმედით ჩვენც ველოდებით მდგომარეობის გამოსწორებას”,- აცხადებს “ომნეს ტურის” ხელმძღვანელი ირაკლი კაბულაშვილი.

ავტოსადგურებზე რომ ქაოტური მდგომარეობაა, ხელისუფლებაც აღიარებს და წლებიაა აანონსებენ, რომ საქალაქთაშორისო გადაყვანებისთვის განკუთვნილი ადგილების მოწესრიგება უნდა მოხდეს. წლებია მომზადებულია და ამ დრომდე პარლამენტში არ განუხილავთ კანონპროექტი, რომელმაც უნდა გაამკაცროს ავტოსადგურების ლიცენზირების პირობები. რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ, მიკროავტობუსები სპეციალური განრიგის მიხედვით იმოძრავებენ. ავტომობილები, რომლებშიც სკამებს დაამატებენ ან დარღვეული იქნება სანიტარული ნორმები, რეისზე ვერ გავლენ. აიკრძალება მგზავრთა მომსახურება ავტოსადგურის ტერიტორიის გარეთ. 2019 წლის მსგავსად, ეკონომიკის სამინისტროში წელსაც ამბობენ, რომ რეფორმა უახლოეს მომავალში დაიწყება.

“რეგულაციების ამოქმედების შემდეგ უსაფრთხოებისა და კომფორტის სტანდარტი იქნება უზრუნველყოფილი. ეს არის საუკეთესო ევროპული გამოცდილება,ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. ამაზე მიმდინარეობს შიდა კონსულტაციები. საკანონმდებლო პროექტი ჩვენ მზად გვაქვს”,- აცახდებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

მისი თქმით, სამინისტროს სურს კანონპროექტი დაინტერესებულ მხარეებთან გაიაროს, ამიტომ მინისტრის მოადგილეს ვადებზე საუბარი უჭირს. თუმცა, მსგავსი განცხადება აკაკი საღირაშვილმა გასული წლის მარტშიც გააკეთა, სადაც აღნიშნავდა, რომ 2 თვეში კანონპროექტი, სავარაუდოდ, პარლამენტს გადაეგზავნებოდა.

სანამ ავტოსადგურები მოუწესრიგებელია, ამასობაში ბიუჯეტიც კარგავს თანხას. „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე ე.წ. ხიშნიკების პრობლემაზე საუბრობს, რომლებიც დოკუმენტურად არსად ფიქსირდებიან და მგზავრების უსაფრთხოებასაც რისკის ქვეშ აყენებენ, რადგანაც მომხმარებლების წართმევის მიზნით გზებზე სახიფათო მდგომარეობას ქმნიან. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ავტობაზრობებზე რამდენიმე მონაწილეს შორის არის გადანაწილებული ე.წ. ხაზები, ახალ კომპანიებისთვის კი ეს ბაზარი პრაქტიკულად ჩაკეტილია.

“ეს ყველაფერი არის ჰაერზე გამოკიდებული, მოუწესრიგებელი. არ არსებობს  ხაზები სინამდვილეში და თუ თქვენ მოინდომებთ, რისი უფლებაც გაქვთ თავისთავად, რომ შეიძინოთ მიკროავტობუსი და დაიწყოთ მარშრუტზე სიარული, შეიძლება მთელი აგრესია დაგატყდეთ თავზე მძღოლების მხრიდან, მათ შორის ფიზიკურიც”,- აცხადებს დავით მესხიშვილი.