მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქარის ელექტროსადგურებისთვის გენერატორების წარმოება გერმანულ Vensys AG -სთან თანამშრომლობით იგეგმება

6255446ab0e7e
ნინო ტაბატაძე
12.04.22 13:20
2863
საქართველოში „დელტას“ ბაზაზე ქარის ელექტროსადგურებისთვის გენერატორების წარმოება გერმანულ Vensys AG -სთან თანამშრომლობით იგეგმება. სწორედ გერმანულ კომპანიასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიის - Permanent Magnet Direct Drive -ის ლიცენზიის შესაძენად.

BMG-სთან საუბრისას პროექტის ინიციატორი, „ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი მამუკა მიქაშავიძე განმარტავს, რომ Vensys AG -სგან პირველადი თანხმობა უკვე არსებობს და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მიმდინარეობს.

„გვაქვს მიზანი დავნერგოთ უახლესი გამოგონება ქარის ენერგეტიკაში - Permanent Magnet Direct Drive. ეს ტექნოლოგია იმით განსხვავდება სხვა ტექნოლოგიებისაგან, რომ მაგნიტებით ხდება ელექტროენერგიის წარმოება, არ გააჩნია ზედმეტი გადამცემი სიჩქარეების კოლოფი და არ საჭიროებს ზეთის გამოცვლას. არის უფრო ეკოლოგიური და ამასთან, 12-15%-ით მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გვაქვს მოლაპარაკება ტექნოლოგიის შეძენაზე, რომ საქართველო გახდეს ლიდერი სამხრეთ კავკასიაში ქარის ენერგეტიკაში“, - განაცხადა BMG -სთან მამუკა მიქაშავიძემ.

მისი თქმით, გარდა ლიცენზიის შეძენისა, გერმანული მხარე იქნება ჩართული საინჟინრო და ტექნიკურ გადაწყვეტილებებში.

ახალი ქარხნის ასამოქმედებლად პირველადი გათვლებით, დაახლოებით, 30 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო. მთავარ მომხმარებლებად კი, ის ინვესტორები განიხილება, ვინც ქარის ენერგიის ათვისებას გეგმავს. ასეთი არაერთი ინვესტორია, თუმცა იმის გამო, რომ მკვეთრად გაძვირდა ქარის ენერგიისთვის საჭირო მოწყობილობების იმპორტი, ხოლო დარგში ხელშეწყობის მექანიზმები არ არის, პროექტები წლებია გაჩერებულია.

„ეს სექტორი მთელს მსოფლიოში საჭიროებს სუბსიდირებას და სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობას. ინვესტორი უნდა დააინტერესო, რომ შემოვიდეს, ჩადოს ფული, რომელსაც შემდეგ ნელ-ნელა წაიღებს. სახელმწიფო პირდაპირ უნდა იყოს დაინტერესებული, რაც ჩვენთან შეჩერდა. ვერ განსაზღვრეს და ვერ მოილაპარაკეს, რომ საჭიროა პრეფერენციები ან სხვა ხელშემწყობი ღონისძიებები. მრავალმილიონია ეს ობიექტები. უცებ ეტყობა ეკონომიკას ეს ინვესტიციები. 50-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგური რომ ააშენო, 70-80 მლნ დოლარის ინვესტიციაა საჭირო, 100 მეგავატს 150 მლნ სჭირდება. შემოდის ეს ფული ეკონომიკაში. პლიუს გექნება ადგილზე წარმოებული მილიონობით კვტ/სთ ელექტროენერგია. მიეცი ეს საკენკი ინვესტორებს, შემოიყვანე, გარისკოს ფულის ჩადება ამ ქვეყანაში“, - ამბობს „ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტი.
„საქართველოს ელექტროსისტემის“ 10-წლიანი გეგმით, საქართველოს ქარის ელექტროსადგურებით შეუძლია 1500 მეგავატამდე ელექტროენერგია მიიღოს.

„თუ გვინდა, რომ 1500 მეგავატი წლების განმავლობაში ავითვისოთ საქართველოში, ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით $2 მლრდ უნდა გავიდეს ქვეყნიდან საჭირო მოწყობილობების შესაძენად. საწარმო მხოლოდ გენერატორებს არ მოიცავს, აქ არის ფრთები, კოშკები, ფუნდამენტი, კაბელიზაცია. რეალურად, ქარის სადგურებისთვის გენერატორებისა და მისი მაკომპლექტებელი მასალების საწარმოს ამოქმედება სტიმული იქნება მათთვის, ვისაც ფულის დაბანდება უნდა ამ სექტორში," - აღნიშნა მამუკა მიქაშავიძემ.

„ქარის ენერგიის ასოციაციის“ პრეზიდენტის თქმით, პროექტით დაინტერესებულია სახელმწიფო, რომელთანაც გაფორმებულია PPP კონტრაქტი; „რომ არა ეს კონტრატი, საწარმოს აშენებაზე საუბარი დღეს ვერ დაიწყებოდა“, - დასძინა მან.