24.თებერვალი .2021 22:41

„ქართლი ენერჯის“ ვალდებულებები გადაუვადდება - რა სანქცია დაეკისრება კომპანიას შეუსრულებლობისთვის

„ქართლი ენერჯის“ ვალდებულებები გადაუვადდება - რა სანქცია დაეკისრება კომპანიას შეუსრულებლობისთვის
views 336
უკან

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ „ქართლი ენერჯის“ მიერ თბილისში 60 ელექტრომობილის დამტენის დამონტაჟების შეუსრულებელ ვალდებულებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომპანიამ ხელშეკრულების პირობები პანდემიის გამო ვერ შეასრულა და ქალაქში მხოლოდ 30 დამტენი დაამონტაჟა.

მერმა ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს ახალი პროექტის შედგენა რაც შეიძლება სწრაფად დაავალა, რათა ელექტრომობილების შეძენის წასახალისებლად თბილისში არსებული დამტენების რაოდენობა გაიზარდოს.

BM.GE დაინტერესდა რა ბედი ელის კომპანიას, რომლემაც ვალდებულებები ვერ შეასრულა და ვინ დაამონტაჟებს ხელშეკრულებაში გაწერილი დამტენების რაოდენობა.

თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ კომპანიას ნაკისრი ვალდებულების შესრულება გადავადებულ პერიოდში მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულ სანქციებს გამოიყენებენ.

„ქართლი ენერჯისთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ხელშეკრულებაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რათა მუნიციპალიტეტმა პროექტის შესრულება თუნდაც გადავადებულ პირობებში მაინც მიიღოს, რის გამოც ეს ხელშეკრულება დაიდო. თუ კომპანია ვერ შეასრულებს ვალდებულებებს მუნიციპალიტეტიდან გაწეული კომპრომისული ღონისძიებების მიუხედავად, გამოვიყენებთ იმ ინსტრუმენტებს და მექანიზმებს, რომელიც ხელშეკრულებით და კანონმდებლობით არის გათვალისწინებული“, - უთხრეს BM.GE-ის დედაქალაქის მერიაში.

რაც შეეხება ახალ პროექტის, მერიაში განმარტავენ, რომ ამით განისაზღვრება დამატებითი დამტენების რაოდენობა და პროექტის შედგენის შემდეგ შესაძლოა მისი პრივატიზება მოხდეს:

„ქალაქის მასშტაბით გაცილებით მეტი დამტენი უნდა დამონტაჟდეს, რაზეც ახალი პროექტი მომზადდება. როგორც მერმა აღნიშნა, პროექტის მომზადების შემდეგ შესაძლოა მისი გაყიდვაც“.

ცნობისთვის, ელექტრომობილების დამტენების პროექტზე აუქციონი 2019 წლის 5 მარტს დაიწყო და 2019 წლის 19 მარტს დასრულდა, გამარჯვებულ კომპანიად შპს „ქართლი ენერჯი“ გამოცხადდა. კომპანიას ხელშეკრულების გაფორმებიდან თბილისში ექვსი თვის ვადაში 30 დამტენი უნდა დაემონტაჟებინა, ხოლო დანარჩენი 30-ს დამონტაჟება მას 1 წლის ვადაში უნდა დაესრულებინა.