მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქართუ ფონდი“ კვლავ მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო ინტერნეტიზაციაში დაგვეხმაროს"

5f4cb552415b1
ინგა მურუსიძე
31.08.20 12:39
1277
„ქართუ ფონდი“ კვლავ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საყოველთაო ინტერნეტიზაციაში დაგვეხმაროს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ bm.ge-ის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მსოფლიო ბანკთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს ტექნიკური რუკის შედგენა, რის შემდეგაც მოხდება პროექტის საერთო ბიუჯეტის შედგენა, ხოლო შემდეგ გადაწყდება, არის თუ არა საჭირო „ქართუ ფონდის“ დახმარება.

„ქართუ ფონდმა“ კვლავ დაადასტურა მზაობა, საჭიროების შემთხვევაში, დაგვეხმაროს საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის დაფინანსებაში. საპილოტე პროექტი უკვე მიმდინარეობს გურიაში, სადაც ვტესტავთ პროექტს, რასაც ჩვენი სსიპ „ოუფენ ნეტი“ საკუთარი სახსრებით ახორციელებს. პარალელურად, მსოფლიო ბანკთან ერთად ვაკეთებთ დანარჩენი საქართველოს ტექნიკურ დიზაინს, რაც მომგვცემს საშუალებას, დავთვალოთ ხარჯები და ამის შემდეგ გავიგებთ, გვაქვს თუ არა საჭიროება, მივმართოთ „ქართუ ფონდს“. ამ ეტაპზე კიდევ ერთი წყარო არის გარანტირებული მსოფლიო ბანკიდან, ხოლო საჭიროების მიხედვით, მივმართავთ „ქართუ ფონდს“, - განაცხადა ნათია თურნავამ. 

რაც შეეხება „ოუფენ ნეტს“ და მის მიერ გაწეულ ხარჯს, როგორც თურნავა განმარტავს, სსიპ-ს უკვე აქვს ამ მიზნით გამოყოფილი თანხა, რომელიც დღემდე დეპოზიტზე ედო და მისი მიზნობრივად გამოყენების საშუალება ახლა მიეცა.

შეგახსენებთ: საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. თავდაპირველად, ინტერნეტიზაციის პროექტის დამფინანსებლად ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდი “ქართუ” დასახელდა. ამის შესახებ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. როგორც დრო აჩვენებს, აღნიშნული განცხადება, ჯერჯერობით, მცდარი აღმოჩნდა.

პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა იწყება. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი სტარტს გურიიდან იღებს პროექტის ღირებულება სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.