მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა - Identomat $3.2 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა - გეგმები

61e17ae52ce87
ვიქტორია მღებრიშვილი
14.01.22 18:25
2278
ქართულ-ამერიკულმა სტარტაპმა Identomat ამერიკული ვენჩურული ფონდიდან $3.2 მლნ-ის ინვესტიცია მოიზიდა. ამის შესახებ BM.GE-ს კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა დავით ლომიაშვილმა მიაწოდა.

სტარტაპის შექმნის იდეა აშშ-ში მცხოვრებ დავით ლომიაშვილს და საქართველოში მცხოვრებ მის პარტნიორებს ზურაბ კოტარიას და რეზო იმნაძეს 2019 წელს გაუჩნდათ, რისთვისაც Identomat-ის ავტორებმა, საქართველოში შექმნეს ჯგუფი, რომელმაც ციფრული ვერიფიკაციის სისტემა შეიმუშავა და თანამშრომლობის პირველი შეთანხმებაც ქართულ კომპანიასთან გააფორმა. 2020 წლიდან კი მსოფლიოში გავრცელებულმა კორონავირუსმა, ბიზნესებისთვის ადამიანების დისტანცირების გამო თანამშრომელთა და მომხმარებლის ვერიფიკაციის ციფრული პროგრამა ხელსაყრელ და საჭირო გამოსავლად აქცია. საქართველოში პროგრამის ჩაშვების შემდეგ პარტნიორებმა 2020 წლის ზაფხულში Identomat-ი როგორც სტარტაპი აშშ-ში დააფუძნეს, რამაც როგორც თავად დამფუძნებელი დავით ლომიაშვილი ამბობს, სტარტაპის გლობალურ ბაზარზე გასვლის შესაძლებლობა მისცათ.

„Identomat-ი დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისს წარმოადგენს. ჩვენი სერვისი ნებისმიერ კომპანიას და სახელმწიფო დაწესებულებას საშუალებას აძლევს დისტანციურ რეჟიმში მოახდინოს მომხმარებლის მიღება, მათი ვერიფიკაცია. ამასთან, ბევრ ორგანიზაციას რეგულაციების მიხედვით მომხმარებლის აქტივობის და მათი იდენტობის გადამოწმება მოეთხოვება, რასაც მათ ციფრულ პლატფორმებში ინტეგრირებული ჩვენი პროგრამა ეხმარებათ. ამას ძალიან დიდი შედეგები მოჰყვება ისეთი კომპანიებისთვის, რომლებისთვისაც რეგულაციების მიყოლას, ონლაინთაღლითობის თავიდან აცილებას და ა.შ. დიდი მნიშვნელობა აქვს. პანდემიამ ამის მნიშვნელობა ცხადყო და გაზარდა. ეს ბაზარი პანდემიის გამო დაახლოებით 400%-ით გაიზარდა“, - განმარტა დავით ლომიაშვილმა.

საქართველოში ტრადიციული და ბლოკჩეინის სივრცეებისთვის შექმნილი პირადობის ვერიფიკაციის პროგრამა Identomat-ს დღეისთვის საქართველოში საბანკო-საფინანსო, სადაზღვევო, ონლაინ სამორინეების, ტელეკომუნიკაციის, და კრიპტო და ბლოკჩეინ სექტორში 20-დან 25 პარტნიორამდე ჰყავს. გლობალურად კი აშშ-ში რეგისტრირებული სტარტაპი საქართველოსა და ამერიკის გარდა, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, უზბეკეთში, ბელარუსში, ლიეტუვაში, ესტონეთში, კვიპროსში, იაპონიაში, ინდოეთში, ყაზახეთში, არგენტინაში, პანამასა და სხვა ქვეყნებშია წარმოდგენილი. აღსანიშნია ისიც, რომ ქართულ-ამერიკული სტარტაპი 20-ზე მეტ ადამიანს, ძირითადად, საქართველოში ასაქმებს.



2021 წლის დასარული Identomat-სთვის წარმატებული იყო. თუ დღემდე კომპანიაში კომპანიის პარტნიროების, ენჯელ ინვესტორებისა და ვენჩურული ფონდების მიერ სხვადასხვა პერიოდში 1 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, გასული წლის დასასრულს კომპანიამ ამერიკული ფონდიდან 3.2 მლნ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც ბიზნესის გაფართოებისა და საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებისთვის მიმართავს.

„კომპანიის მიზანი პროდუქტის მუდმივი განვითარება და ახალი ბაზრების ათვისებაა. შესაბამისად, მოზიდული ფინანსური რესურსით აშშ-ში და ჩრდილოეთ ამერიკაში ახალი ინსტიტუციონალური პარტნიორების მოზიდვას, ასევე სამხრეთ ამერიკისა და შუა აზიის ბაზრის ათვისებას ვგეგმავთ.

დღეს აშშ-ში რამდენიმე პარტნიორი უკვე გვყავს, თუმცა ბაზრის მოცვისა და პოზიციონირებისთვის ახალ პარტნიორებთან თანამშრომლობა ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს Identomat-ის თანადამფუძნებელი.

დავით ლომიაშვილმა საუბრისას ამერიკული და ქართული სტარტაპ გარემოც შეგვიფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში სტარტაპის წამოწყება ბიუროკრატიულად უფრო მარტივია, თუმცა სტარტაპებისთვის, მით უფრო ტექნოლოგიურებისთვის, საქართველოდან დიდ მასშტაბებზე გასვლა უფრო რთულია, ვიდრე აშშ-დან.

„საქართველოს და აშშ-ში სტარტაპის წამოწყების სირთულეები თითქმის შებრუნებულია. საქართველოში ბიუროკრატიის მხრივ სტარტაპ საქმიანობის წამოწყება და მისი ოპერირება ბევრად მარტივია, აშშ-ში ამ მხრივ საქმე საკმაოდ რთულადაა და დამფუძნებლის ძირითადი დრო რეგულაციების და ბიუროკრატიის საკითხების გადაწყვეტაში მიდის.

მეორე მხრივ აშშ-ში საჭირო საწყისი რესურსების მოზიდვა ბევრად ადვილია. საქართველოშიც ამ კუთხით საქმე GITA-ს თუ აქსელერატორების შემოსვლის შემდეგ მცირედით გამარტივდა, მაგრამ მასშტაბებიდან გამომდინარე საქართველოში იმისთვის რომ რამდენიმე ადამიანიანი გუნდის შექმნა და დაფინანსება შეძლო დიდი მოცულობის საწყისი ინვესტიციის მოზიდვა რთულია. მით უფრო მაშინ როდესაც პანდემიის გამო საქართველოსა და მსოფლიოში ამ მიმართულებით ხელფასების გათანაბრება დაიწყო. იმის გამო, რომ მასშტაბი განსხვავებულია, ამერიკაში ინვესტიციის მოზიდვა უფრო მარტივია, ვიდრე საქართველოში“, - განმარტავს ლომიაშვილი.