მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ავიაბაზარზე გერმანული Condor Airlines შემოდის

620c94fdc3f6f
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 10:26
765
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 1-ელი მაისიდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Condor Airlines იწყებს.

კომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით განახორციელებს. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის გაცნხადებით, Condor-ის შემოსვლა ავიაბაზარზე განსაკუთრებით ტრანსატლანტიკური ტრანზიტული ფრენების მიმართულებით არის მნიშვნელოვანი.

"2022 წელს ჩვენი ავიაბაზრისთვის საკმაოდ პოზიტიურად ვიწყებთ. ბაზარზე სრულიად ახალი ავიაკომპანია გერმანული Condor-ი შემოდის, რომელთანაც თითქმის ერთწლიანი მოლაპარაკებები წარმატებით დავასრულეთ. ფრანკფურტი იქნება რიგით მესამე ქალაქი, სადაც ამ ეტაპზე, თბილისის აეროპორტიდან მოხვედრა გახდება შესაძლებელი. ჩვენთვის გერმანია არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულება. ამიტომაც ყოველთვის პროაქტიულად ვმუშაობთ, რაც შეიძლება მეტი ავიაკომპანია დავაინტერესოთ და მეტი მიმართულება დავამატოთ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიმართულებით. ჩვენი კიდევ ერთი პარტნიორი ავიაკომპანია EUROWINGS ზაფხულში, თბილისიდან გერმანიის ქალაქ შტუტგარტის მიმართულებით იწყებს ფრენებს", - აცხადებს თამარ არჩუაძე.

ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს დაფუძნდა. მისი ძირითადი ბაზა ფრანკფურტის აეროპორტში მდებარეობს. 2021 წლის ივლისის მონაცემებით, ავიაკომპანია 50 ბოინგისა და ეარბასის ტიპის საჰაერო ხომალდებს ფლობს. Condor-ი ფრენებს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში, აზიაში, აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში ასრულებს.