05.აგვისტო .2022 11:31

ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტებმა რეკორდულ მოცულობას მიაღწია

ქართულ ბანკებში უცხოელების დეპოზიტებმა რეკორდულ მოცულობას მიაღწია
views 736
უკან

ქართულ ბანკებში უცხოეთის მოქალაქეთა დეპოზიტებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ივნისის მდგომარეობით, უცხოელი ფიზიკური პირების ანგარიშებზე არსებული თანხა 4.77 მილიარდი ლარია, რაც იანვარში არსებულ 3.90 მილიარდთან შედარებით 870 მილიონი ლარით მეტია - ეს საბანკო სისტემაში უცხოელების დამატებით $300 მილიონი დოლარის დეპოზიტებს ნიშნავს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოელები ყველაზე მეტს მსხვილ ბანკებში ინახავენ. "თიბისიში" განთავსებულია 1.91 მილიარდი ლარი, "საქართველოს ბანკში" - 2.14 მილიარდი ლარი. "ლიბერთი ბანკში" კი უცხოელების დეპოზიტები 123 მილიონი ლარია. 

ეროვნული ბანკის ანგარიშში არაა წარმოდგენილი, რომელი ქვეყნების მოქალაქეებს ეკუთვნით აღნიშნული დეპოზიტები, თუმცა სებ-ის წლიური ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს ყველაზე მეტი დეპოზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს ჰქონდათ. მათი წილი დეპოზიტების 14%-ს შეადგენდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, უცხოელების დეპოზიტების უდიდესი ნაწილი დოლარში არის ნომინირებული; კერძოდ, ამ პორტფელის 88% დოლარიზებულია, 12% კი - ლარში არის განთავსებული.

უცხოელებს მიმდინარე ანგარიშებზე 927 მილიონი უდევთ, ვადიან დეპოზიტებზე 1.8 მილიარდია განთავსებული, სხვა მოთხოვნამდე დეპოზიტებზე კი 2 მილიარდი დევს.

ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენად გაზარდეს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში დეპოზუტები, ეროვნული ბანკი მომდევნო წელს გამოაქვეყნებს.

რაც შეეხება მთლიან დეპოზიტებს, ის ივნისში 38.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, შესაბამისად, უცხოელების პორტფელი საბანკო დეპოზიტების 12.5%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა