04.ივლისი .2020 16:45

ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა – "კულას" დირექტორი

views 690
უკან

ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა – ასეთია საკონსერვო ქარხანა „კულას“ დირექტორის ვანო გოგლიძის დაკვირვების შედეგი პანდემიის განმავლობაში.

როგორც გოგლიძე BM.GE–სთან საუბრისას აღნიშნავს, მიუხედავად კოვიდით გამოწვეული სირთულეებისა, ადგილობრივ და უცხოურ ბაზრებზე „კულას“ ნაწარმზე მოთხოვნა გაიზარდა.

„მოთხოვნა გაიზარდა და ვცდილობდით მიგვეწოდებინა ჩვენი ნაწარმი როგორც სუპერმარკეტებში, ასევე – ექსპორტზე. ექსპორტზე იქიდან გამომდინარე გაიზარდა მოთხოვნა, რომ იანვარ–თებერვალში იყო შეკვეთები განხორციელებული და ამის გადატვირთვას ვახორციელებდით მარტი–მაისის პერიოდში და ახალ შეკვეთებს ახლა ველოდებით, ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ის ქვეყნები ხელახლა შეკვეთებს, თუმცა ექსპორტს არ ვუჩივით, მოიმატა, ისევე როგორც ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნამ.

დაინახეს, რომ ქართულ პროდუქციას ალტერნატივა არ აქვს, რადგან თუ ჩაიკეტა საზღვრები, ყველა ქვეყანა საკუთარ თავს შველის და ჩვენ ჩვენს ქვეყანას უნდა ვუშველოთ.

ძირითადად საქართველო ამ ეტაპზე 70–75%–ით შემოტანილ პროდუქციაზეა დამოკიდებული, ერთადერთი ტყემალი არ შემოდის, მაგრამ ჯემი, ხორცის კონსერვი, თევზის კონსერვი – სოფლის მეურნეობის ყველა სფეროში იმპორტია. საქართველოს აქვს პოტენციალი. იყო პერიოდი, როცა საქართველო იქით ამარაგებდა პროდუქტებით სხვა ქვეყნებს და თუ სწორად წარვმართავთ მენეჯმენტს, ჩვენს რესურსებს და შესაბამისი დახმარება იქნება, იმედია, რამდენიმე წელში შევძლებთ, რომ 75% იყოს უკვე ქართული და დანარჩენი იმპორტი“, – აღნიშნა ვანო გოგლიძემ.

ასევე, მან იმ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება, რაც სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ხელშესაწყობად არის საჭირო.

„ფერმერებს და წარმოებებს სჭირდებათ მეტი დახმარება, რომ ქართველმა ფერმერმა მოიყვანოს პროდუქტი, იცოდეს, სად ჩააბაროს, მწარმოებელს ჰქონდეს გარანტია, რომ ქსელში დამატებით გადასახადებს არ მოსთხოვენ. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს მათ, რომ იაფი კრედიტები, გრანტები მივცეთ და სტიმული გაუჩნდება ადამიანს, აწარმოოს და გადაამუშავოს სოფლის მეურნეობის პროდუქტი“, – მიიჩნევს „კულას“ ხელმძღვანელი.