მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ სატაცურზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უცხოურ ბაზარს ვერ ვაკმაყოფილებთ“ - geofresh”

60976a0f413d2
მარიამ იზორია
09.05.21 20:00
9339
კომპანია “geofresh”-მა სატაცურის წარმოება, დაახლოებით, 1 მლნ ინვესტიციით 2016 წელს საგარეჯოში 13 ჰა მიწაზე დაიწყო. კომპანია პროდუქტის რეალიზებას ადგილობრივ და უცხოურ ბაზარზე ახდენს. „geofresh“ სატაცურის გარდა მოცვსაც აწარმოებს და მოსავლის აღების პერიოდში 50 ადამიანს ასაქმებს.

„geofresh”-ის დირექტორის ასისტენტი სალომე ყველიაშვილი „forbes კვირასთან“ ყვება, რომ სატაცურის მოთხოვნა და ფასი, როგორც უცხოურ, ასევე ადგლობრივ ბაზარზე გაზრდილია.

„მოსავლის მოცულობის გაზრდას მოთხოვნის შესაბამისად ვცდილბთ, 2020 წელს 12 ტონა სატაცურის მოსავალი მივიღეთ, წელს უკვე 25 ტონა მოსავალს ველოდებით. მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ უცხოურ ბაზარს ბოლომდე ვერ ვაკმაყოფილებთ.

ქართველმა მომხმარებელმაც სასარგებლო თვისებებიდან გამომდინარე სატაცური კარგად აითვისა. რაც შეეხება ფასს, ნამდვილად მზარდია, ჩვენს სატაცურს უცხოურ პარტნიორებს 6-7 დოლარად, ხოლო ქართულ ბაზარს 15-16 ლარად ვაწვდით, რაც 2020 წელთან შედარებით 2-3 დოლარით და 2-3 ლარით მეტია. ეს ნაწილობრივ პანდემიასთანაა კავშირში, რადგან ფასების დაკლება მოგვიწია. ვფიქრობ, პროდუქტს ახლა უფრო რეალური ღირებულება აქვს“ - აცხადებს მეწარმე. 

როგორც კომპანია “Geofresh“-ში აღნიშნავენ, ისინი ძირითადად ორიენტრირებულები ექსპორტზე არიან. „მოსავლის 70-80% რუსეთში გაგვაქვს, იქიდან გამომდინარე, რომ სატაცურს ნედლი სახით ვყიდით, ტრანსპორტირების მხრივ ყველაზე ხელსაყრელი ლოკაციაა. საექსპორტო არეალის გაფართოების მიზნით მოლაპარაკებებს ევროპასთან და დუბაისთან ვაწარმოებთ, იმედი გვაქვს ტრანსპორტირების ხელსაყრელ ვარიანტს შევარჩევთ, რათა სატაცურმა სიჯანსაღე შეინარჩუნოს“ - აღნიშნავს დირექტორის ასისტენტი.

ცნობისთვის: საქართველოდან სატაცურის ექსპორტი 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 93.3%-ით გაზარდა.