მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ავიაკომპანიის Myway Airlines-ის 100%-იანი წილი იყიდება

5f7f0aeb984e9
ვიქტორია მღებრიშვილი
08.10.20 16:40
2342
ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის მფლობელი კომპანია Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ი ავიკომპანიის 100%-იან წილს ყიდის. აღნიშნულის შესახებ გამყიდველსა და მყიდველს შორის გაფორმებულ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში წერია, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა ატვირთული.

ხელშეკრულების თანახმად ავიაკომპანიას 1.9 მლნ დოლარად შპს "ფლას ავიეისენ ინვესთმენთ კო., ლტდ" ყიდულობს.

ნასყიდობის ხელშეკრულება 2020 წლის 21 სექტემბერს შედგა, ხოლო წილის გადაფორმების შესახებ კომპანიამ საჯარო რეესტრს 23 სექტემბერს მიმართა. თუმცა სახელმწიფო უწყებისგან ავიაკომპანიის 100%-იანი წილის გასხვისების შესახებ უარი მიიღო.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილების მიზეზი კი მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის შესახებ დოკუმენტაციის არარსებობაა: „მარეგისტრირებელ ორგანოში არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულების 4.1 პუნქტში მითითებული დოკუმენტაცია, შესაბამისად არ დგინდება მყიდველის მიერ განხორციელდა თუ არა ნასყიდობის თანხის გადახდა და მხარეთა შორის გაფორმდა თუ არა „წილის გადაცემის შესახებ შეთანხმება“.

კომპანიების შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტში აღნიშნულია, რომ შესაძენი წილების გადაცემა უნდა აღასრულონ საჯარო რეესტრში ან ნოტარიუსთან, ხოლო შემდეგ ნასყიდობის თანხის გადახდიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წილის გადაცემის შესახებ დოკუმენტაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს უნდა წარედგინოს, რის შემდეგაც წილის გადაცემის პროცესი დასრულდება.

ცნობისთვის, Georgian Huashun International Industrial Investment Group LTD-ი Myway Airlines მფლობელი ჩინეთში რეგისტრირებული კომპანია „სინძიანის სავაჭრო-საწარმოო კომპანია ხუაშუნ ლტდ“-ა, დირექტორი კი ჩინეთის მოქალაქე სიაოწინ შაოა.

რაც შეეხება Myway Airlines-ის 100%-იანი წილის შემსყიდველ კომპანიას, „ფლას ავიეისენ ინვესთმენთ კო., ლტდ“-ის მის წილებს ფლობენ: ჩინეთის მოქალაქე ჭენგლიანგ ლიუ - 49%; სიმონ ჯამბაზიშვილი - 40% და რატი ბაკურაძე - 11%, რომელიც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორიცაა.

BM.GE-ი ავიაკომპანიის 100%-იანი წილის გასხვისებასთან დაკავშირებით კომპანია „Myway Airlines” დაუკავშირდა, სადაც აცხადებენ: „ავიაკომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხოლო კომპანიის პარტნიორების გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ“.