მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკები წელს სოლიდურ მოგებაზე გავლენ - სები

60c9b86861bfe
შოთა ტყეშელაშვილი
16.06.21 12:37
1476
საქართველოს ეროვნული ბანკი წელს საბანკო სისტემაში "სოლიდურ მოგებას" პროგნოზირებს. ამის შესახებ სებ-ის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ანგარიშში არის საუბარი. სწორედ ამის გათვალისწინებით, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ გაუმჯობესებული შემოსავლების ფონზე ბანკებისთვის ფინანსური ბუფერების ეტაპობრივი აღდგენა მძიმე ტვირთი არ იქნება. 

"2021 წლის აპრილის მონაცემებით, ბანკები კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. წლის დასაწყისიდან მოგებიანობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ ბანკები 2021 წელს სოლიდური მოგებით დაასრულებენ. მომგებიანობის ზრდას ხელს უწყობს მაღალი საკრედიტო აქტივობა და დარეზერვების შემცირება, რაც 2020 წელს სესხების შესაძლო დანაკარგების რეზერვების წინასწარ შექმნითაა განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ამჟამად, საშეღავათო პერიოდით საკრედიტო პორტფელის 10% სარგებლობს. ამავდროულად, აქტივების ხარისხის შეფასება გრძელდება, თუმცა უმოქმედო სესხების მაჩვენებლის მატერიალური ზრდა არაა მოსალოდნელი. კომიტეტის შეფასებით, ბანკების მიერ შექმნილი სესხების შესაძლო დანაკარგის რეზერვი ადეკვატურად ასახავს პანდემიიდან გამოწვეულ მოსალოდნელ საკრედიტო დანაკარგის დონეს. ამიტომ მათ ფინანსურ მაჩვენებლებზე, ამ მხრივ, დამატებითი ნეგატიური გავლენა მოსალოდნელი არ არის", - ნათქვამია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში. 

584 მილიონი ლარის მოგება:

2021 წლის 4 თვეში საქართველოს საბანკო სისტემამ 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ იანვარ-აპრილში საბანკო სისტემის მოგებიანობა გაუმჯობესდა. ყველაზე მაღალი – 173 მილიონი ლარის წმინდა მოგება სწორედ აპრილში დაფიქსირდა.

კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის ოთხ თვეში ბანკებმა შემოსავლის სახით 1.82 მილიარდი ლარი მიიღეს, აქედან საპროცენტო შემოსავალი 1.47 მილიარდი ლარი იყო. უფრო კონკრეტულად კი მოქალაქეებმა თავიანთ სესხებზე იანვარ-აპრილში 763 მილიონი ლარის პროცენტი გადაიხადეს, იურიდიული პირების მიერ გადახდილი პროცენტი კი 531 მილიონი ლარი იყო.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 355 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 421 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 237.5 მილიონი ლარი დახარჯეს.

ამასთან, ბანკებმა თანამშრომლებზე ხელფასების სახით 241 მილიონი ლარი გასცეს. მთლიანობაში საბანკო სისტემამ 640 მილიონი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 55.7 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 584 მილიონი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.

ამ დროისთვის ქართულ ბანკებში 36.35 მილიარდის მოცულობის დეპოზიტები არის განთავსებული. ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა კი 39 მილიარდი ლარია.