მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია

6332c5210d458
შოთა ტყეშელაშვილი
27.09.22 14:00
834
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ საქართველოში მოქმედი ბანკების აქტივებმა 68 მილიარდ ლარს მიაღწია.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ქართული ბანკების აქტივები 4.3 მილიარდი ლარით ანუ 6.7%-ით გაიზარდა, ხოლო გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე მატებამ 4.7 პროცენტი შეადგინა.

თავად ბანკების სააქციო კაპიტალი 8.5 მილიარდი ლარია, რაც მათი მთლიანი აქტივების 12.6%-ია.

რა მოცულობის სესხები აქვთ გაცემული ქართულ ბანკებს:

ქართული ბანკების მთლიანი საკრედიტო პორტფელი სექტემბერში 1.1 მილიარდი ლარით გაიზარდა და 43.2 მილიარდს მიაღწია. სესხების მატებამ წინა თვესთან შედარებით 2.7% შეადგინა.

ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 422.71 მლნ ლარით (1.86%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 706.90 მლნ ლარით (3.64%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, შემცირდა 0.52%-ით).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.87 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.68%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 12.54 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 3.54%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.61%-ით ნაკლები).

2022 წლის აგვისტოს განმავლობაში 2.90%-ით, ანუ 646.86 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 22.99 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 53.44 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, შემცირდა 0.43 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.59 პროცენტული პუნქტით).

რამდენი დეპოზიტია ქართულ ბანკში განთავსებული:

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2022 წლის პირველი სექტემბრისათვის 41.76 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 3.00 მლრდ ლარით, ანუ 7.74%-ით მეტია პირველი აგვისტოსათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.96%-ით მეტი). აგვისტოში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 777.43 მლნ ლარით, ანუ 4.99%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.63%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 2.22 მლრდ ლარით, ანუ 9.58%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 6.53%-ით).

“დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი სექტემბრისათვის 41.91% შეადგინა. პირველი აგვისტოს მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 1.18 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.08 პროცენტული პუნქტით).

აგვისტოში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 8.13% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 11.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 1.05%,”- ნათქვამია სებ-ის ანგარიშში.